ერთი მატჩი 40-მდე - ბორჯღალოსნების შთამბეჭდავი გზა
16 მარტს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე რაგბი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდი ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ბორჯღალოსნები ამ ტურნირის გამარჯვებულები ზედიზედ მეცხრედ, არსებობის ისტორიაში კი მეჩვიდმეტედ გახდებიან. თუმცა, არის კიდევ სხვა შთამბეჭდავი მაჩვენებლები, რომლითაც შეუძლიათ ქართველმა მორაგბეებმა იამაყონ.
მაგალითად ის, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 39-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ესპანელებთან არწაგების შემთხვევაში, ეს ციფრი 40-მდე გაიზრდება. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს შეჯიბრება საკმაოდ სუსტია და ბორჯღალოსნებს ღირსეული მეტოქეები არ ჰყავთ, ზედიზედ 39 თამაშის წაუგებლად ჩატარებას ნამდვილად დიდი შრომა სჭირდება.
ცალკე აღნიშვნის ღირსია აკა ტაბუცაძის შედეგიანი ასპარეზობა, რომელიც მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია. რუმინელებთან ნახევარფინალი კი მისთვის ასევე საკმაოდ დასამახსოვრებელი გახლდათ, რადგან საიუბილეო, 50-ე სანაკრებო შეხვედრაში თავი 47-ე ლელოთი გამოიჩინა და ამ მხრივ მსოფლიოს ყველა დროის რეკორდსმენების ათეულში მეცხრე პოზიციაზე მყოფ ირლანდიელ მორაგბეს, ბრაიან ოდრისკოლს გაუთანაბრდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო - ესპანეთის ფინალი 16 მარტს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება და ბილეთების შეძენა ონლაინ-რეჟიმშია შესაძლებელი.