ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ქართველმა ლივერპულის მცველები ბავშვებს დაამსგავსა“ - ფრანგული მედიის შეფასება

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში პსჟ საკუთარ მოედანზე „ლივერპულს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.

პარიზელები მთელი მატჩის განმავლობაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქის კართან საგოლე მომენტები მრავლად შექმნეს, თუმცა უიღბლობისა და ალისონ ბეკერის საოცარი პერფორმანსის გამო გოლის გატანა ვერ შეძლეს.

გამორჩეული მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში ბრწყინავდა. 24 წლის ქართველმა ვარსკვლავმა რამდენჯერმე სცადა ალისონის კარის აღება და მე-20 წუთზე მიზანსაც მიაღწია, თუმცა გოლი VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გაუქმდა. პარიზული გუნდიდან ხვიჩა საუკეთესო იყო და შეხვედრის დასრულების შემდეგ უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურა.

თამაშის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა ფრანგულმა სააგენტოებმა ხვიჩა კვარაცხელიას პერფორმანსი უმაღლესი ქულებით შეაფასეს და საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა.

რას წერენ მედიაში კვარაზე:

Footmercato – 7 ქულა: პარიზული გუნდის ზამთრის ახალწვეული მოედანზე მთავარი ფიგურა იყო - დრიბლინგი, დარტყმები, ჭკვიანური პასები... ქართველმა ფეხბურთელმა თავისი თამაშით ლივერპულის დაცვის დესტაბილიზაცია მოახდინა. ულამაზესი გოლი გაიტანა, რომელიც მინიმალური ოფსაიდის გამო გაუქმდა. სხვა გოლები კი ალისონმა ჩამოართვა. ბრაზილიელმა ჯერ 37-ე წუთზე შეასრულა საოცარი სეივი, შემდეგ კი 54-ე წუთზე ჯარიმიდან არ მისცა გოლის გატანის უფლება. ის არასდროს წყვეტდა აქტიურობას და ამ საღამოს, თავისი გუნდის სოლისტი იყო.

Maxifoot – 7 ქულა: მარცხნივ, შუაში თუ მარჯვნივ ქართველი მეტოქის დაცვას საკმარისი წნეხის ქვეშ აქცევდა. ყოფილ ნეაპოლელს ეგონა, რომ ანგარიში გახსნა, მაგრამ მისი გოლი თამაშგარეს გამო გაუქმდა. შემდეგ კი ალისონმა ყველა დარტყმა აუღო.

Lequipe – 6 ქულა: ამიტომაც არის ეს მოთამაშე განსხვავებული. მისი პირველი ტაიმი უბრალოდ, საოცარი იყო. გაუქმებულ გოლზე რომ არ ვისაუბროთ, მან ინგლისელი მცველები უბრალოდ ბავშვებს დაამსგავსა. საოცარი დრიბლინგები, მოძრაობები, პასები... 37-ე წუთზე საოცარი მოძრაობით გრავენბერხს და ალექსანდრ-არნოლდს გასცდა, მაგრამ ალისონს ვეღარ აჯობა. ხაზებს შორის მისი მოძრაობა მცველებისთვის შხამივით იყო. ასევე, მეორე ტაიმშიც პარიზული გუნდიდან ყველაზე აქტიური იყო და 54-ე წუთზე ალისონის კარს საჯარიმო დარტყმით დაემუქრა, მაგრამ ამ ეპიზოდშიც არ იყო ეფექტური.

Sofoot – 7.5 ქულა: მათთვის, ვისაც ეჭვი ეპარებოდა, რომ The Beatles-ის ხედვა არასერიოზული იყო. მტკიცებულება: ლენონმა და მაკარტნიმ მშობლიურ კლუბს სიმღერა - Help ქართველის წინააღმდეგ თამაშის გამო დაუწერეს.

Eurosport – 6 ქულა: ეგონა, რომ კარში ტალღოვანი დარტყმით და პატარა შედევრით ანგარიში გახსნა, მაგრამ VAR-მა რამდენიმე სანტიმეტრის გამო ეპიზოდი სხვაგვარად გადაწყვიტა და თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ქართველი პარიზელებიდან ყველაზე სახიფათო იყო და წითლების მეკარე რომ არა, ნამდვილად კატასტროფა მოხდებოდა. მოძრაობებში მუდამ სახიფათო იყო, უპირატესობას იღებდა და თავის იდეებს ბრწყინვალედ მიჰყვებოდა. მაგრამ ის დიდ ალისონს დაუპირისპირდა, რომელსაც მისივე აღიარებით ცხოვრების მატჩი ექნებოდა. მოკლედ, კვარაცხელიას მხოლოდ ერთმა კაცმა გაუწია წინააღმდეგობა.

ხვიჩა კვარაცხელია ლივერპულთან მატჩში

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ მატჩში ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე ჰარვი ელიოტმა გაიტანა, რომელიც მოედანზე 86-ე წუთიდან გამოჩნდა და თავის გამოჩენა ფაქტობრივად პირველივე შეხებით შეძლო. საგულისხმოა, რომ პსჟ-მა კარის მიმართულებით 27-ჯერ დაარტყა, აქედან 10-ჯერ ზუსტად და ალისონმა ათჯერვე შეძლო თავისი გუნდის გადარჩენა, ლივერპულის ანგარიშზე კი მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ 2 დარტყმა იყო.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი მომდევნო კვირაში, 11 მარტს ლივერპულში გაიმართება, მანამდე კი პსჟ ლიგა 1-ის მორიგ ტურში სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
3 წლის შემდეგ - მორიგი შოუ ლივერპულთან
3 წლის შემდეგ - მორიგი შოუ ლივერპულთან