ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

3 წლის შემდეგ - მორიგი შოუ ლივერპულთან

შესაძლოა, როდესაც მისი გუნდი ვერ იგებს და თავად ვერც გოლი გააქვს და ვერც საგოლე გადაცემას ასრულებს, იმ ფეხბურთელის მიერ შოუს დადგმაზე საუბარი ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელი თამაში სწორედ ასეთ ეპითეტს იმსახურებს. ფაქტია, ხვიჩამ „ლივერპულის“ მცველები გააწამა და რომ არა თამაშგარესთან დაკავშირებული სრულიად უაზრო წესი და რიგ შემთხვევებში მერსისაიდული გრანდის ბრაზილიელი მეკარის, ალისონ ბეკერის საოცრად დამაჯერებელი ასპარეზობა, „პარი სენ-ჟერმენი“ აუცილებლად გაიმარჯვებდა და ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი სწორედ ქართველი ვარსკვლავი იქნებოდა.

კვარას საოცრად ლამაზი გარღვევების შედეგად მეტოქე გუნდის კართან შექმნილი რამდენიმე მომენტი ყველამ კარგად ნახა, რაც შეეხება მის სტატისტიკურ მაჩვენებლებს, იმ 78 წუთის მანძილზე, რომელიც მან მოედანზე გაატარა, ისინი ასე გამოიყურება - კარისკენ 4-ჯერ დაარტყა, საიდანაც მხოლოდ ერთი დაუბლოკეს, 2 საკვანძო პასი გააკეთა, ბურთს 68-ჯერ შეეხო და მისი პასების 88 პროცენტმა ადრესატამდე მიაღწია, ათბალიანი შეფასებით კი 7,8 მიიღო და ამ მხრივ მხოლოდ ორ თანაგუნდელს ჩამორჩა.

ხვიჩას ალბათ არასოდეს დაავიწყდება 2022 წლის 7 სექტემბერი, როდესაც ჩემპიონთა ლიგაში მისი დებიუტი სწორედ „ლივერპულელებთან შედგა. მაშინ „ნაპოლიმ“ წინასწარვე ფავორიტად შერაცხული მეტოქე 4:1 დაამარცხა, იმ დროისთვის 21 წლის ქართველმა კი ტრენტ ალექსანდრ-არნოლდსა და დაცვაში მის პარტნიორებს მოსვენების საშუალება არ მისცა. მართალია, კვარას ანგარიშზე მხოლოდ ერთი საგოლე პასია, მაგრამ იმდენად არნახული პერფომანსი შესთავაზა მაყურებელს, ეს თამაში მის ნეაპოლურ კარიერაში დღემდე ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. 

ფაქტია - კვარაცხელიას „ლივერპულის“ წინააღმდეგ ასპარეზობა მუდამ ძალიან კარგად გამოსდის და თუ რაიმეს იმედი უნდა ჰქონდეთ „პარი სენ-ჟერმენის“ ქომაგებს ერთი კვირის შემდეგ „ენფილდ როუდზე“ გასამართ საპასუხო შეხვედრაში, ეს პირველ რიგში სწორედ ქართველი ფეხბურთელის უმაღლესი საშემსრულებლო ოსტატობაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა ლივერპულთან საუკეთესო იყო, მაგრამ.. | პსჟ დიდი უპირატესობის ფონზე დამარცხდა
კვარა ლივერპულთან საუკეთესო იყო, მაგრამ.. | პსჟ დიდი უპირატესობის ფონზე დამარცხდა