„პროვოკაციული ფოტოები გავრცელდა, არასწორი რაკურსია“ - FIFA-ს არბიტრი ბრაჰიმის გოლზე
ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდული დერბის შემდეგ, ბრაჰიმ დიასის გოლის მომენტს ესპანურ პრესაში გამოხმაურება მოჰყვა. ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ ვინისიუსი პასიურ თამაშგარეში იყო და ობლაკს ხელს უშლიდა, რომ დარტყმის მომენტი დაენახა. ამიტომ ბურთი უნდა გაუქმებულიყო.
FIFA-ს ყოფილი არბიტრი, ესპანელი ედუარდო იტურალდე გონსალესი ხსენებულ მომენტს ანალიზს უკეთებს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ვინისიუსის მოქმედება მომენტზე გავლენის მომხდენი არ იყო.
„პრობლემა აქ არის სურათებით და პერსპექტივით თამაში. ბევრი ფოტო გავრცელდა სადაც თითქოს ჩანს, რომ ვინისიუსი აშკარად გავლენას ახდენს და ობლაკს ხელს უშლის.
პროვოკაციული ფოტოები გავრცელდა, ეს არასწორი რაკურსია. ვინისიუსი მოძრაობს, გამოდის კარიდან და ბურთი მიფრინავს შორეული ძელისკენ, სადაც ობლაკი ვერ ფარავს კუთხეს. როგორც კი ბურთი შორდება ბრაჰიმის ფეხს, ობლაკი უკვე მას ხედავს და ცდილობს მოიგერიოს, მაგრამ ვერ ახერხებს.
ფეხბურთში, როცა მეკარესთან შესაძლო ჩარევის გამო სიტუაციის გასარკვევად მოთამაშეთა მოძრაობა მნიშვნელოვანია, თუ ფოტოს აქვეყნებ, ასეთ დროს რეალობას ამახინჯებ. ეს ნორმალურია სოციალურ ქსელებში განხილვისთვის, მაგრამ აქ არაფერია განსახილველი.
უფრო მეტიც, თუ ამ მომენტს სხვა კუთხით გადაიღებთ, ის მთლიანად შეცვლის პერსპექტივას. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ აშკარად წესების დარღვევაა, მაგრამ რეალობა სულ სხვაა“.
- განაცხადა ედუარდო იტურალდე გონსალესმა.