1 მილიარდი - FIFA-მ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საპრიზო ფონდი დაასახელა
Aa
Aa

1 მილიარდი - FIFA-მ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საპრიზო ფონდი დაასახელა

როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო სამყაროში სულ მალე ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი დაიწყება. ახალ ინიციატივას ბევრი გუნდი აკრიტიკებს, რადგან თვლიან, რომ ეს ფეხბურთელებისთვის ზედმეტად დიდი დატვირთვაა.

ამის დასაბალანსებლად, FIFA-მ ახალი გადაწყვეტილება მიიღო და დღეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი გამოაცხადა.

თანხა 1 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც გაცილებით მეტია მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ფონდზე. კატარში გამართული მუნდიალის საპრიზო ფონდი 440 მილიონი დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საპრიზო ფონდი 2.47 მილიარდი ევროა და რა თქმა უნდა, ამასთან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ვერ მივა, თუმცა დღეს გამოცხადებული თანხა ცოტა ნამდვილად არ გახლავთ.

ჯერჯერობით უცნობია როგორ გადანაწილდება 1 მილიარდი დოლარი გუნდებზე და არც ის არის ცნობილი, თუ რამდენს მიიღებს ჩემპიონი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 15 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება. 32 გუნდი რვა 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდება და 3 ტური გაიმართება, რის შემდეგაც პირველ/მეორე ადგილზე გასული გუნდები მერვედფინალში ითამაშებენ.

ასევე შეგახსენებთ, ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ევროპიდან რეალი, ჩელსი, ბაიერნი, პსჟ, მანჩესტერ სიტი, ინტერი, ბენფიკა, პორტუ, იუვენტუსი, ატლეტიკო, დორტმუნდი და ზალცბურგი არიან წარდგენილნი.

აზიიდან ალ აჰლი, ესპერანსი, სუნდონსი, ვიდადი. ჩრდ. ამერიკიდან სიეტლი, მონტერეი, ლეონი, პაჩუკა. სამხრეთ ამერიკიდან პალმეირასი, ფლამენგო ფლუმინენსე, რივერ პლეიტი, ბოტოფაგო. ოკეანეთი - ოკლენდ სიტი(ახალი ზელანდია). მასპინძელი კი ინტერ მაიამი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები