კვლავ გოლის გაუშვებლად - იბერია 1999-მა ტორპედო დაამარცხა
დღეს „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-2 ტურის ორი მატჩი გაიმართა. ყველაზე დიდ ინტერესს „იბერია 1999“-ისა და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩი იწვევდა, რომელიც მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.
მასპინძლებმა უფრო მწყობრად და გუნდურად ითამაშეს და დამსახურებულადაც მოიგეს. შეხვედრაში ანგარიში 39-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც იური ტაბატაძის გარღვევის შემდეგ, ლუკა სილაგაძემ ცუდად დაარტყა, თუმცა ბურთი ირაკლი სიხარულიძეს მიუვიდა და მეკარე იმ მანძილიდან უშანსოდ იყო.
მეორე გოლი 65-ე წუთზე გავიდა. სილაგაძის ჩაწოდების შემდეგ, ბურთი საკუთარ კარში ერიკ პიმენტელმა ჩაჭრა.
ამ გამარჯვების შემდეგ, „იბერია 1999“ „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას“ ორიდან ორი მოგებითა და არც ერთი გაშვებული გოლით ლიდერობს.
მომდევნო შეხვედრას ჩემპიონატის ლიდერები 9 მარტს სტუმრად გორში „დილასთან“ გამართავენ.
რაც შეეხება მეორე შეხვედრას, „თელავმა“ „კოლხეთი 1913“-ს უმასპინძლა და 55-ზე წუთზე ტატო ჟივიძის გოლით 1:0 გაიმარჯვა, რის შემდეგაც სატურნირო ცხრილში სამი ქულით ჯერჯერობით მეორე ადგილზე იმყოფებიან.