ვარდის უფრო დიდი გავლენა აქვს - ნისტელროი საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდა
ჯეიმი ვარდი ლესტერის გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელია. ინგლისელი თავდამსხმელი საფეხბურთო სამყაროში საკმაოდ დადებითად არის წარმოდგენილი და მას მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ქომაგი სცემს პატივს.
ბრიტანული მედია კი მეტად საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ლესტერის მთავარი მწვრთნელ რუუდ ვან ნისტელროი ვეტერანი ფეხბურთელის გავლენით უკმაყოფილოა.
როგორც ირკვევა, ფეხბურთელები ჯეიმის უფრო უსმენენ, ვიდრე ნიდერლანდელ სპეციალისტს. ეს კი გუნდის ხელმძღვანელობის უკმაყოფილებას იწვევს, რადგან ასე გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურა იცვლება, ნისტელროის როლი კი სულ უფრო მარგინალიზდება.
ამჟამად, ლესტერში მძიმე სიტუაციაა. კლუბი სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზე იმყოფება და გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. მელიებმა ბოლო 5 მატჩი წააგეს, რამაც ნისტელროი საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო.
ინგლისში ვარაუდობენ, რომ თუ სიტუაცია უახლოეს პერიოდში არ შეიცვლება, მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილ თავდამსხმელს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვენ.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ შიდა სამზარეულოს წესრიგში მოყვანას სწორედ ჯეიმი ვარდის გავლენა უშლის ხელს. ნისტელროი თავს არასრულფასოვნად გრძნობს, რასაც ფეხბურთელებიც ხედავენ.