„იმას, რასაც აქ ვაშენებთ, მომავალში აუცილებლად ექნება შედეგი“ - ამორიმი
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა ევროპა ლიგის მერვედფინალში „სოსიედადთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა ამორიმმა:
„ასოციაციის თასს გამოვეთიშეთ, ამიტომ გულშემატკივრები ევროპა ლიგას განიხილავენ ერთადერთ ტურნირად, რომლის მოგებაც შეგვიძლია. გარდა ამისა, ევროპა ლიგის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, მაგრამ, მართალი გითხრათ, უფრო დიდი გეგმები გვაქვს.
ვიცი, რომ ვალდებულები ვართ, ყველა ტურნირის მოსაგებად ვიბრძოლოთ და ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ იმას, რასაც აქ ვაშენებთ, ერთ ტურნირზე გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება.
მესმის, რომ თუ ვნახავთ, როგორ თამაშობს ახლა „მანჩესტერი“, რთულია დიდ მიზნებზე იფიქრო, მაგრამ ყველაზე რთულ პერიოდშიც კი გვირაბის ბოლოს არსებულ სინათლეზე უნდა ვიფიქროთ და ის ნამდვილად არსებობს.
არ ვიცი, მე აქ ვიქნები თუ არა, იმიტომ რომ როდესაც თამაშებს ვერ იგებ, რაღაც უნდა შეიცვალოს, მაგრამ, საერთო ჯამში, ვფიქრობ, კლუბი სწორ გზაზეა. ამის სანაცვლოდ დიდი ფასის გადახდა გვიწევს, მაგრამ ეს მომავალში წარმატების სახით დაგვიბრუნდება“.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში ამორიმმა „მანჩესტერის“ თავკაცის თანამდებობაზე ერიკ ტენ ჰაგი შეცვალა. პორტუგალიელი მწვრთნელის თაოსნობით წითელმა ეშმაკებმა 24 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 11 მოიგეს, 10 წააგეს და 3 ფრედ დაასრულეს. „იუნაიტედი“ ლიგის და ასოციაციის თასებს უკვე გამოეთიშა, პრემიერლიგაში კი 33 ქულით მე-14 ადგილზეა.