„არმანის მიზანი ჩემპიონობაა და არა რომელიმე მებრძოლის დამარცხება“ - ცარუკიანის მენეჯერი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლის, არმან ცარუკიანის მენეჯერმა, საიატ აბდრახმანოვმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ცარუკიანის მთავარი მიზანი საჩემპიონო ქამრის მოპოვება და არა რომელიმე კონკრეტული მებრძოლის დამარცხებაა.
რას ამბობს აბდრახმანოვი:
„არმანს არ აქვს კონკრეტული მიზანი, რომ დაამარცხოს მაინცდამაინც ისლამ მახაჩევი და ქამარი მას წაართვას. მთავარი მიზანი ჩემპიონობაა და ეს დღე აუცილებლად მოვა. როდის გავმართავთ მომდევნო ბრძოლას? მაისში, ან ივნისში. ილია თოფურიასთან ჩხუბი? ამის შესახებ საუბარი საერთოდ არ ყოფილა. სიახლეებს მალე გაიგებთ“.
„შედგება თუ არა ქამრისთვის ბრძოლა ისლამის წინააღმდეგ? ეს თავად მახაჩევზეა დამოკიდებული. არმანი ქამრისთვის ბრძოლის შანსს აუცილებლად მიიღებს, მაგრამ განმეორებით ბრძოლაზე ისლამის და მისი გუნდის დარწმუნება შესაძლოა, უფრო ძნელი იყოს“.
შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანს 2025 წლის 18 იანვარს, ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ საჩემპიონო ქამარზე უნდა ეჩხუბა, თუმცა, ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა. სომეხი მებრძოლი ბოლოს 2024 წლის აპრილში ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდა და მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. MMA-ში მისი რეკორდი 22 მოგება და 2 მარცხია.