ბოლო წამზე სამქულიანით წააგეს | ბითაძის ორლანდოს ზედიზედ მეოთხე მარცხი
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ტორონტო რეპტორსთან“ კიდევ ერთხელ დამარცხდა. გამთენიისას გამართულ შეხვედრაში, ქართველი კალათბურთელის გუნდმა საკუთარ კედლებში იასპარეზა და გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა, ბოლო წამზე სამქულიანი მიიღო და 113:114 წააგო.
ბითაძემ პარკეტზე 16 წუთი და 17 წამი გაატარა. მის ანგარიშზე 2 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება იყო. გოგამ 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, 2 მოხსნა მეტოქის ფარზე ჰქონდა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის პასივში 1 დაკარგვაც გახლდათ.
მატჩს რაც შეეხება, საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე, „ორლანდო“ 103:108-ს აგებდა, მაგრამ ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ, გუნდებმა სამქულიანები გაცვალეს - 111:111, 5 წამით ადრე კი, პაოლო ბანკერომ „მეჯიქი“ საჯარიმო სროლებით დააწინაურა - 113:111. მომდევნო შეტევაში, ჯაკობი უოლტერმა ურთულესი სამქულიანი ჩააგდო და „ტორონტომ“ 114:113 მოიგო.
„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 41 ქულა ბანკერომ მიითვალა. ფრანც ვაგნერმა 28 ქულა და 5 მოხსნა გააკეთა, კენტავიუს კალდუელ-პოუპმა კი 12 ქულა ჩააგდო. „ტორონტოს“ მხრიდან 21 ქულით არ ჯეი ბარეტი გამოირჩა. იაკობ პოელტლმა და სკოტი ბარნსმა 17-17 ქულა გაიფორმეს.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ 29 მოგება და 34 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 გახლავთ. „მეჯიქმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო, მომდევნო შეხვედრას კი 7 მარტს გამართავს და საკუთარ კედლებში, „ჩიკაგო ბულსს“ დაუპირისპირდება.