კვარა დიდებული მოთამაშეა | არნე სლოტმა ქართველზე ისაუბრა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური სტადიის პირველ მატჩში პსჟ „პარკე დე პრენსზე’’ „ლივერპულს’’ მიიღებს. მერსისაიდელების მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა პრესკონფერენცია გამართა.
არნე სლოტს „ლივერპულის'' მხრიდან კვარაცხელიას მიმართ ინტერესზე ჰკითხეს, რაზეც ნიდერლანდელმა უპასუხა: „ინგლისში ხალხი ამბობს, რომ ჩვენ ყველა ფეხბურთელის ყიდვა გვინდა. თუ Sky Sports ჩართავ, გაიგებ რომ მსოფლიოს ყველა ფეხბურთელით ვართ დაინტერესებული. მე ვერ ვიტყვი კვარას ყიდვა გვსურდა თუ არა, მაგრამ ის დიდებული მოთამაშეა. ძალიან მომწონდა ის „ნაპოლი'', რომელშიც კვარა თამაშობდა’’.
არნე სლოტი: „წავიკითხე ენრიკეს კომენტარი, მან თქვა რომ „ლივერპულს’’ ძალიან სწრაფი შემტევები ჰყავს, მაგრამ არც ბარკოლა და კვარაცხელიაა ნელი. ჩვენ გვაქვს გეგმა, ისევე როგორც პსჟ-ს.
პსჟ ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, რაც გასულ თვეებში კარგად გამოჩნდა. ამ სეზონში გოლები ორივე გუნდს გაგვაქვს და მსგავსი სტილით ვთამაშობთ. ყველა სიამოვნების მოლოდინშია, ვისაც ფეხბურთი უყვარს. საინტერესო დაპირისპირებას ველი. ლუის ენრიკემ დიდებულად იმუშავა, ფეხბურთელთა ინდივიდუალური პერფორმანსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ორივე გუნდის შემტევები ბრწყინვალე ფორმაში არიან. ვფიქრობ პსჟ იმაზე უკეთეს ფორმაშიც კია ვიდრე გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასული ნებისმიერი გუნდი’’.
ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ „ლივერპული’’ ევროპაში საუკეთესო გუნდია. ამასთან დაკავშირებით, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა განაცხადა:
„ეს შესანიშნავი კომპლიმენტია, მაგრამ საუკეთესო გუნდმა ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს და ჩვენ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასასვლელი. ამ მომენტში ევროპაში საუკეთესო გუნდი „რეალია’’, რადგან მათ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგეს’’.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხვიჩას გუნდის მეტოქე ლიგის ფაზის პირველადგილოსანი, „ლივერპული“ იქნება. პირველი მატჩი „პარკ დე პრენსზე“ ხვალ, ოთხშაბათს საღამოს, 00:00 საათზე დაიწყება, განმეორებითი შეხვედრა 11 მარტს „ენფილდზე“ ჩატარდება.