პსჟ-ს ტრანსფორმაცია მბაპეს წასვლის შემდეგ - რა შანსი აქვთ ფრანგებს ლივერპულთან
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პარი სენ ჟერმენი ლივერპულს დაუპირისპირდება. მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, ფრანგული გიგანტი კილიან მბაპემ დატოვა.
პარიზელთა მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ამტკიცებდა, რომ „მამლების“ კაპიტნის გარეშე მისი გუნდი ამ სეზონში უკეთესი გახდებოდა და გარკვეულწილად ის მართალიც გამოდგა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ავტორიტეტული გამოცემა Goal.Com საინტერესო ანალიზს გვთავაზობს.
რას წერს Goal.Com?
ვიტინია ჯერ კიდევ ვერ ხვდება იმ ფაქტს, რომ მანდ უნდა ითამაშოს ისევ იმ გუნდში, რომელშიც ლიონელ მესი, ნეიმარი და მბაპე თამაშობდნენ.
პსჟ-ს ნახევარმცველმა The Times-ს განუცხადა: „ეს სიზმარივით იყო. დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო. ის პერიოდი მთელი ცხოვრება მემახსოვრება, რადგან საუკეთესოებთან ერთად ვითამაშე. ეს არის ის, რასაც ერთ დღეს ჩემს შვილებს და შვილიშვილებს მოვუყვები.“
მიუხედავად ასეთი ემოციისა, ვიტინიამ აღიარა, რომ მათთან ერთად თამაში ყოველთვის ადვილი არ იყო, რადგან ისინი უკან ჩამოსვლით დიდად არ გამოირჩეოდნენ და შავი სამუშაოს შესრულება გამუდმებით პორტუგალიელ ნახევარმცველს უწევდა.
იყო დაძაბული სიტუაციებიც. ვიტინია პირადად შეესწრო ნეიმარის და მბაპეს კამათს იმაზე, თუ რომელი დაარტყამდა პენალტს. ასევე, პორტუგალიელს ფრანგმა თავდამსხმელმა ერთ მომენტში ზურგი შეაქცია მხოლოდ იმის გამო, რომ ხელსაყრელ პოზიციაში პასი არ გაუკეთა..
ეს იყო გულუბრყვილობის სავალალო ჩვენება, მაგრამ ასევე შესანიშნავი ილუსტრაცია ზედმეტად გატაცებული სუპერვარსკვლავების შედეგების. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ პარი სენ ჟერმენის პროექტი არაერთხელ ჩავარდა ჩემპიონთა ლიგაზე, ნასერ ალ-ხელაიფის ვარსკვლავების მიმართ გატაცება იყო..
ახალი ტიპის პროექტი
მიმდინარე სეზონში ყველაფერი სხვაგვარადაა. მესიმ, ნეიმარმა და მბაპემ კლუბი დატოვეს და მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის წასვლა ყველაზე მტკივნეული იყო, გასახდელში ისეთი შეგრძნება გაჩნდა, რომ პარი სენ ჟერმენი ახლა უფრო ძლიერია - ან სულაც ერთიანი, ვიდრე ოდესმე.. ან იქამდე, სანამ პსჟ ლივერპულთან ითამაშებს და ეს შეხედულება არ გაქრება..
„მე ნამდვილად მირჩევნია ასეთი პროექტი. ხელმძღვანელობის მიდგომა პერსპექტიული და გრძელვადიანია. ეს კი წარმატების მიღწევის საუკეთესო გზაა.“ - თქვა ვიტინიამ ერთ-ერთ ინტერვიუში
არნე სლოტის გუნდთან დაპირისპირების წინ, ლუის ენრიკეს შეგირდები დიდებულ ფორმაში არიან. საფრანგეთის ლიგა 1-ში ყველა მატჩს იგებენ, საფრანგეთის თასზეც წარმატებას მიაღწიეს და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში ბრესტი 10:0 გაანადგურეს.
მბაპეს გარეშე ჯობს?
ბოლო პერიოდში, პარი სენ ჟერმენს უსმან დემბელეს თამადობით უამრავი გოლი გააქვს. საფეხბურთო ექსპერტები ხშირად სვამენ კითხვას, რეალურად არის თუ არა პსჟ უკეთესი მბაპეს გარეშე. ეს არის კითხვა, რომელზე პასუხიც ვიტინიას აქვს.
„ჩვენ არ გვაქვს ამაზე საუბრის პრობლემა. კილიანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საუკეთესო არა. ვიცოდით, რომ მის გარეშე რთული იქნებოდა, რადგან მისი დონის ფეხბურთელს პირდაპირ ვერ ჩაანაცვლებ. მბაპე ჩვენ, ჩვენი გუნდით ჩავანაცვლეთ. ეს არის ის, რაც ნათლად ჩანს. ამას კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთობლივად გაცილებით უკეთესები ვართ. ზოგჯერ გოლებს ისე მარტივად ვერ ვიტანთ, როგორც კილიანის დროს, მაგრამ ახლა ბევრი თავდამსხმელი გვყავს.“
როდესაც მბაპემ პარი სენ ჟერმენი დატოვა ყველას შეეშინდა, რომ პსჟ ბევრ გოლს ვეღარ გაიტანდა. თავდაპირველად ჩანდა, რომ მისი როლი რანდალ კოლო მუანის უნდა შეეთავსებინა, მაგრამ მან იმედები ვერ გაამართლა და იუვენტუსში გაანათხოვრეს.
ამის პარალელურად, ბრედლი ბარკოლამ თავი ყველას შეაყვარა და დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ამომავალი ვარსკვლავია, თუ უკვე შემდგარი არა.. უსმან დემბელემ კი საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა და გუნდის ლიდერად მოგვევლინა.
როგორც ვიტინიამ აღნიშნა, პსჟ აღარ არის დამოკიდებული ინდივიდების გაბრწყინებაზე. გუნდის სიძლიერე კოლექტიური შეტევა გახდა, რაც ლუის ენრიკეს მთავარი მიზანი იყო..
„გასულ სეზონში ძალიან მამაცი ვიყავი, როცა გითხარით, რომ მბაპეს გარეშე შეტევაშიც და დაცვაში უკეთესები ვიქნებოდით. ჩემს თეორიას დღევანდელი ციფრები ამტკიცებს. რა თქმა უნდა, კილიანის შენარჩუნებას ვისურვებდით, მაგრამ ასე მოხდა და ახლა ვერაფერს შევცვლით. დღევანდელი პარი სენ ჟერმენი გაცილებით სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს.“ - თქვა ლუის ენრიკემ
კვარას ეფექტი
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფრანგულ გუნდს ნაპოლიდან ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდა, რომელმაც პსჟ-ს შეტევის მრავალფეროვნება და ვარიანტები გაზარდა. ევროპაში ცოტაა ისეთი გუნდი, რომელიც უკეთ არის დაკომპლექტებული არნე სლოტის უზარმაზარი ლივერპულის სუსტი წერტილების გამოსაყენებლად. ვგულისხმობთ „ფულ ბექებს“ - დაცვის ფლანგებზე მოასპარეზე ფეხბურთელებს.
ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის დაცვითი ფუნქციის ხარვეზების შესახებ კარგად არის ცნობილი. გასულ კვირას, ჯერემი დოკუს წინააღმდეგ აზარტულად იბრძოდა, მაგრამ მაგალითად ენდი რობერტსონის რეგრესი მიმდინარე სეზონში თვალნათლივია. წითლების შეშფოთების მთავარი მიზეზი სწორედ ეს უნდა იყოს. შოტლანდიელს დიდი მხარდაჭერა დასჭირდება, რათა პსჟ-ს ფლანგის ფეხბურთელებს გაუმკლავდეს. ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ რობერტსონის ფლანგზე ხან კვარაცხელია დარბის, ხან დემბელე.. ასეთი სიტუაცია მეტად დამაბნეველია.. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მარჯვენა ფლანგზე შეტევას ჰაკიმი ეხმარება, რომელიც დიდებულ ფორმაშია..
მიუხედავად ამ ყველაფრისა, პსჟ-ზე კითხვები მაინც არსებობს. რეალურად არავინ იცის რა შეუძლია ამ გუნდს, რადგან მათ სეზონი საშინლად დაიწყეს. ის ფაქტი, რომ ახლა ფრანგები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ლივერპულს ხვდებიან, ეს სწორედ მათი საშინელი შედეგების დამსახურებაა.
ენრიკეს შეგირდებმა ლიგის ფაზაში პირველი 5 მატჩიდან 3 წააგეს და რეალურად პლეი-ინში გასვლის საკითხი ბოლო ტურში მოგვარდა..
რა თქმა უნდა, პსჟ ამ ყველაფრის შემდეგ, საოცრად გაუმჯობესდა და მომწიფდა, მაგრამ ძლიერ გუნდებთან ჯერ არ უთამაშია. ასევე საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მათ უდიდესი ზეწოლა გადალახეს იმ დროს, როდესაც პარიზში მანჩესტერ სიტი 2:0-ს იგებდა. ამ გადამწყვეტი გამარჯვების შემდეგ, ფაქტობრივად სხვა პარი სენ ჟერმენს ვხედავთ, სადაც თითქოს ყველაფერი ჰარმონიულად არის..
დაველოდოთ.. ამ ყველაფერს ძალიან მალე გავარკვევთ..