როგორც კვარა და ოსიმენი - მილანი ლეაოს სარფიანად ვეღარ ყიდის
Tuttomercatoweb-ის ცნობით, „მილანს“ შესაძლოა რაფაელ ლეაო ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად პრობლემური გაუხდეს და მისი გაყიდვა რაც შეიძლება სწრაფად მოუწიოს.
წყარო დასძენს, რომ პორტუგალიელ გარემარბს „როსონერი“ ისე სარფიანად ვეღარ გაყიდის, როგორც აპირებდნენ. გასულ ზაფხულს ლეაოს სანაცვლოდ იტალიურ კლუბს 120 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა მათ დაახლოებით 150-170-ის მიღება სურდათ.
იტალიური გამოცემა წერს, რომ „მილანს“ დე ლაურენტისის მსგავსად მოუვიდა - მაქსიმალურის მიღება სურდათ და ახლა უკვე მოუწევთ 50%-ით ნაკლები მიიღონ. 150 მილიონის ნაცვლად ამჯერად 70-80 მილიონიანი შეთავაზება, თუ მიიღეს, შეიძლება ითქვას „როსონერის“ ძალიან გაუმართლებს.
ლეაოს საქმე ასევე ძალიან ჰგავს ვიქტორ ოსიმენის ამბავს, როდესაც დე ლაურენტისმა კონტრაქტში ჩაწერილი გამოსასყიდის სრულად მიღება მოითხოვა (130 მილიონი) და 90 მილიონიან წინადადებაზე უარი თქვა. ამჟამად კი „გალათასარაიშია“ განათხოვრებული და რთულად წარმოსადგენია ვინმემ მის სანაცვლოდ 70-იც კი გადაიხადოს.
წყაროს ცნობით, ლეაოს გამოსასყიდი ღირებულება 175 მილიონი ევროა, რაც დღევანდელი მონაცემებით არაადეკვატური თანხაა.
ამჟამად „მილანი“ ლეაოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. კლუბის მიზანი ფეხბურთელის გაყიდვა ან ახალ მისაღებ პირობებზე დათანხმებაა. ჯერჯერობით რთული სათქმელია რამდენად მიაღწევენ შეთანხმებას.