„ლივერპულზე მეტი მომენტი უნდა შევქმნათ და ეფექტურად ვიმოქმედოთ დაცვაში“ - ენრიკე
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „ლივერპულთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ლუის ენრიკე:
„რთული მატჩი იქნება - ამოცანა ისეთივეა, როგორც ყველა სხვა მეტოქესთან - ბურთის ფლობაში უნდა ვაჯობოთ, შევქმნათ უფრო მეტი საგოლე მომენტი და ეფექტურად ვიმოქმედოთ დაცვაში.
სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული „ლივერპული“ ყველაზე სტაბილური გუნდია. ეს არის თითქმის იდეალური გუნდი, რომელმაც იცის დაცვაში თამაში, პრესინგი, ბურთის ფლობა და აჩქარება. მოტივირებულები ვართ.
ერთმანეთს შეხვდება ორი გუნდი, რომელსაც მოედანზე დომინირება უყვარს. ორივე გუნდი ძალიან საინტერესო ფეხბურთს თამაშობს. შევეცდებით, ბურთი გავაკონტროლოთ და მეტოქეს კონტრშეტევები არ ჩავატარებინოთ.
ახალგაზრდა გუნდი გვყავს? ეს პრობლემა კი არა, შესაძლებლობაა, რათა განვითარება და ზრდა გავაგრძელოთ. რთულია, როდესაც ვერ ათამაშებ ყველა ფეხბურთელს, რომლებიც ამას იმსახურებენ. თუმცა ჩვენ გუნდი ვართ და ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვან როლს შეცვლაზე შესული ფეხბურთელები თამაშობენ. ხვალ 4-5 ფეხბურთელს შეუძლია როგორც ძირითადში თამაში, ისე შეცვლაზე შესვლა და თამაშის ხარისხზე ეს არ აისახება - ამით პსჟ უფრო ძლიერდება“.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხვიჩას გუნდის მეტოქე ლიგის ფაზის პირველადგილოსანი, „ლივერპული“ იქნება. პირველი მატჩი „პარკ დე პრენსზე“ ხვალ გაიმართება, განმეორებითი კი 11 მარტს „ენფილდზე“ ჩატარდება.