„თოფურია ფანტასტიკურია, მაგრამ ისლამს ამ კომპონენტში უპირატესობა ექნება“ - UFC-ის ყოფილი მებრძოლი
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, დენ ჰარდიმ Submission Radio-სთან ინტერვიუს დროს ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და მათ შესაძლო ჩხუბზე თავისი პროგნოზი დააფიქსირა.
რა თქვა ჰარდიმ:
„ჩემთვის, ამჟამად ისლამი თავის წონაში ყველა მებრძოლზე ერთი თავით მაღლა დგას. დიდი ხანია, რაც მახაჩევი ამ წონაში საუკეთესოა და ეს ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც მსუბუქ წონაში ხაბიბი მეფობდა, ჯერ კიდევ ამ დროს საუბრობდნენ ისლამზე. ვფიქრობ, 155 ფუნტში მან თავისი საქმე უკვე გააკეთა და მალე დივიზიონი უნდა შეიცვალოს. თუმცა, მანამდე მისი და ილია თოფურიას ბრძოლა უნდა შედგეს. თოფურია ფანტასტიკური მებრძოლია, მაგრამ თუ მახაჩევს შევადარებთ, გაბარიტები და გამძლეობა ისლამის სასარგებლოდ იქნება, რაც ამ დუელში უპირატესობას მისცემს“.
რამდენიმე კვირის წინ „მატადორმა“ ოფიციალურად დააანონსა, რომ ასპარეზობას მსუბუქ წონაში გააგრძელებს და შესაბამისად, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარს ვაკანტურს გახდის, ქამრისთვის კი UFC 314-ზე ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი იბრძოლებენ. მსუბუქ წონაში ილიას მეტოქე ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, თუმცა, მედიაში რამდენიმე სახელი სახელდება, მათ შორის ჯასტინ გეიჯი, დასტინ პორიე და ისლამ მახაჩევი.