„ვინ არის ქართველი ვუნდერკინდი, რომლის დამატებაც რეალს და ლივერპულს სურთ“ - Transfermarkt ხარებაშვილზე
„ვინ არის საბა ხარებაშვილი? „ლივერპულს“ და მადრიდის „რეალს“ ვუნდერკინდი ქართველი მარცხენა მცველი სურთ“ - ასე ასათაურებს ცნობილი პორტალი, Transfermarkt სტატიას, რომელიც თბილისის „დინამოს“ 16 წლის ფეხბურთელზე, საბა ხარებაშვილზე არის მომზადებული.
რა წერია Transfermarkt-ის სტატიაში:
„საბა ხარებაშვილი ჯერჯერობით, ფეხბურთის ყველაზე ფანატიკური გულშემატკივრებისთვისაც კი შედარებით უცნობად რჩება, მაგრამ ქართველი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და ნიჭიერი მცველია მსოფლიო ფეხბურთში, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. დღესდღეობით, ხარებაშვილი თბილისის დინამოში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვისაც ამ ტურნირზე ოდესმე უთამაშია. ის მხოლოდ 15 წლისა და 10 თვის იყო. საბა ხარებაშვილი ამ ეტაპზე უკანასკნელი გამორჩეული ფეხბურთელია, რომელიც თბილისის „დინამოს“ შთამბეჭდავი აკადემიიდან მთავარ გუნდში აღზევდა. ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი სწორედ ამ გუნდის აღზრდილები არიან“.
საბა ხარებაშვილი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2024 წლის აპრილში დაწინაურდა. ამ პერიოდიდან, ამჟამად უკვე 16 წლის მცველმა „დინამოს“ მაისურით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, საქართველოს თასსა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 28 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.