„ფემინისტი ვარ“ - ნადალი ქალებისა და კაცებისთვის თანაბარი საპრიზო ფონდის შესახებ
დიდი სლემის ტურნირების 22-გზის გამარჯვებულმა, რაფაელ ნადალმა ქალებისა და კაცებისთვის თანაბარ საპრიზო ფონდზე ილაპარაკა.
ესპანელი ჩოგბურთელი უსამართლობად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სპორტსმენებისთვის თანაბარი შესაძლებლობები არ არსებობს.
„მე ნამდვილად არ ვარ თვალთმაქცი. შესაძლებლობები თანაბარი უნდა იყოს. თუ მკითხავთ, ვარ თუ არა ფემინისტი, გიპასუხებთ, რომ კი. თუ თქვენ თვლით, ფემინიზმი მდგომარეობს იმაში, რომ კაცებსა და ქალებს თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ, მაშინ მე ფემინისტი ვარ. თუმცა ეს ცნება საკმაოდ კატეგორიულად აღიქმება“, - თქვა ნადალმა.
შეგახსენებთ, რომ რაფამ პროფესიონალური კარიერა გასული წლის ნოემბერში, დევისის თასის შემდეგ დაასრულა.
ესპანელმა კარიერის განმავლობაში 14-ჯერ საფრანგეთის ღია პირველობა, 2-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 2-ჯერ უიმბლდონი და 4-ჯერ ამერიკის ღია პირველობა მოიგო. ის ოლიმპიური ჩემპიონია როგორც ერთეულთა (2008), ასევე წყვილთა (2016) თანრიგში.