ქართველები მეოთხე კალათაში - მასპინძლებიდან ფინეთი გამოირიცხა
ევროპის 2025 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრის დროს საქართველოს ეროვნული გუნდი მეოთხე კალათაში იქნება. ევრობასკეტზე ოთხი ექვსგუნდიანი ჯგუფი შედგება, რომელთაგან თითო ჯგუფის წევრები თითო ქვეყანაში იასპარეზებენ, მასპინძელი ქვეყნები კი ოთხია - ლატვია, პოლონეთი, ფინეთი და კვიპროსი.
ერთიდაიგივე კალათაში ყოფნის გამო, საქართველო ფინეთთან ერთ ჯგუფში ვერ მოხვდება, რის გამოც ოთხი მასპინძელიდან მხოლოდ სამი ვარიანტი დაგვრჩა და ქართველი კალათბურთელები ტამპერეში ვეღარ იასპარეზებენ.
სერბი სპეციალისტის, ალექსანდარ ჯიკიჩის მომზადებულმა გუნდმა ევრობასკეტის საგზური ზედიზედ მეექვსედ რამდენიმე კვირის წინ მოიპოვა. ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა „თბილისი არენას“ დარბაზში დანიელები დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და გარდა ხარისხიანი კალათბურთის ჩვენებისა, დასწრების მხრივაც თებერვლის შესარჩევი ფანჯრის რეკორდი დაამყარა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე ევროპის ოთხი ქვეყნის ოთხ ქალაქში, ტამპერეში, კატოვიცეში, რიგასა და ლიმასოლში ჩატარდება. ფინალური ეტაპის კენჭისყრა კი, 27 მარტს, რიგაში გაიმართება.