ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა | გულიაშვილის მორიგი აღიარება ბოსნიაში
ბოსნიურმა TV Arena Sport-მა ბოსნიის ჩემპიონატის მე-20 ტურის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი გულიაშვილი დაასახელა. ქართველმა შემტევმა „შიროკი ბრიეგთან’’ გამარჯვების გოლი გაიტანა (1:0). ბოსნიურმა Scsport.ba-მ გულიაშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
23 წლის ქართველი ფეხბურთელი „სარაევოს’’ კაპიტანი გახდა, გუნდს ზედიზედ მე-4 მატჩში უკაპიტნა (2 - თასი, 2 - ჩემპიონატი).
ბოსნიის ჩემპიონატის 19 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. ბომბარდირთა დავაში პირველზეა და მეორეადგილოსანს 2 გოლით უსწრებს. ბოსნიის თასზე სამ მატჩში სამი გოლი შეაგდო. კონფერენს ლიგაზე ოთხ შეხვედრაში მის ანგარიშზე 1 გოლია.
ამ სეზონში სამი პენალტი ვერ გამოიყენა. სამივე რომ გაეტანა, სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.
Transfermarkt-ის მონაცემებით, გულიაშვილის სატრანსფერო თანხა 1,5 მილიონი ევროა. ბოსნიის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.
გასული წლის დეკემბერში „სარაევოსთან'' ახალი კონტრაქტი 2028 წლის 31 მაისამდე გააფორმა. მიმდინარე სეზონში მის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პირეოსის „ოლიმპიაკოსს'', „ლანსს'', ზაგრების „დინამოს'', „სენტ-ეტიენსა'' და „ბოლონიას'' დაუკავშირეს. დიდი ალბათობით, „სარაევო'' სეზონის დასრულების შემდეგ სარფიანად გაყიდის.