გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილი და ლივერპული | The Athletic-ის ვრცელი სტატია ქართველ მეკარეზე

ბრიტანულმა გამოცემამ, The Athletic-მა გიორგი მამარდაშვილს ვრცელი და საინტერესო სტატია მიუძღვნა. The Athletic-ის ჟურნალისტი, გრეგ ევანსი ქართველი მეკარის ბოლოდროინდელ ასპარეზობას ეხმაურება და „ლივერპულის“ გეგმებზე წერს, რომელსაც „მამარდა“ ზაფხულში შეუერთდება.

„გიორგი მამარდაშვილს თავდაჯერებულობა არ აკლია. შარშან, როცა ქართველი ფეხბურთელი ოქროს ბურთის დაჯილდოებას დაესწრო, ცერემონიაზე მივიდა რწმენით, რომ ერთ დღეს, ამ ჯილდოს თავად დაისაკუთრებს. 1963 წლის შემდეგ, ოქროს ბურთი მეკარეს არ მოუგია. ბოლოს ეს ლევ იაშინმა გააკეთა და მამარდაშვილს ამის შეცვლა სურს. ის ფაქტი, რომ 24 წლის გოლკიპერს, რომლის ამჟამინდელი გუნდიც გასავარდნ ზონაში იმყოფება, ასეთი ამბიციები აქვს, გვეხმარება გავიგოთ, როგორი მტკიცე დამოკიდებულებით გამოირჩევა იგი.

პირველი შემთხვევა არაა, როცა მამარდაშვილი დადგენილ წესრიგს არღვევს. ის იშვიათი გამონაკლისია და არის მაღალი პროფილის მქონე ძვირადღირებული მეკარე, რომელიც ტოპ კლუბში ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიის გარეშე გადავიდა. ლივერპულმა ტრანსფერი დახურა, რადგან მათთვის ეს ზედმეტად კარგი ვარიანტი იყო, რომ უარი ეთქვათ. გარიგებაში ვალენსიას ფინანსურმა პრობლემებმაც ითამაშა როლი. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ლივერპულმა გამოკვლევები ჩაატარა, ევროპირველობაზე კი, მამარდაშვილის საოცარმა თამაშმა ტრანსფერი დააჩქარა. ლივერპულის სპორტულმა დირექტორმა, რიჩარდ ჰიუზმა გარიგების დახურვაში დიდი წვლილი შეიტანა და კლუბმა კონსულტაციები მთავარ გოლკიპერთან, ალისონთანაც გაიარა.

გიორგი მამარდაშვილი და ალისონი

იყო ვარიანტი, რომ მამარდაშვილი პრემიერ ლიგის კლუბში, ბორნმუთში გაენათხოვრებინათ, მაგრამ საერთო გადაწყვეტილებით, იგი ვალენსიაში დატოვეს. იშვიათობაა, როცა ვარსკვლავურად მოთამაშე მეკარე, ამხელა თანხის სანაცვლოდ უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლ კლუბს ტოვებს. მხოლოდ 8 გოლკიპერში გადაუხდიათ უფრო მეტი და მათი უმრავლესობა, ერთი გრანდიდან მეორეში გადასულა. 2018 წელს, ტიბო კურტუამ ჩელსი დატოვა და რეალს მიაშურა. ამავე წელს, კეპა არისაბალაგა ატლეტიკოდან სტემფორდ ბრიჯზე გადაბარგდა, 2023-ში კი, ანდრე ონანა ინტერიდან მანჩესტერ იუნაიტედს შეუერთდა. 2018 წელს, ალისონი, რომელიც მამარდაშვილის მომავალი კონკურენტია, რომადან ლივერპულში გადავიდა.

ვალენსია ჩამქრალი გრანდია და რადიკალურად განსხვავდება გუნდისგან, რომელმაც 21-ე საუკუნის დასაწყისში ლა ლიგა ორჯერ მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ გავიდა. მიმდინარე სეზონში, ღამურებს სერიოზული პრობლემები აქვთ. გათამაშების უმეტესი ნაწილი, ვალენსიამ გასავარდნ ზონაში გაატარა, თუმცა, ახალი მთავარი მწვრთნელის, კარლოს კორბერანის მოსვლამ ლა ლიგაში დარჩენის იმედი გააჩინა. კორბერანმა პირველ 9 შეხვედრაში 12 ქულა აიღო, მაგრამ გარანტიას ვერავინ იძლევა, რომ ვალენსია ლა ლიგიდან გავარდნას, რაც 1986 წლის შემდეგ პირველად მოხდება, თავიდან აირიდებს.

გიორგი მამარდაშვილი

მამარდაშვილს მესტალიის ბინადრებთან ღრმა და მტკიცე კავშირი აქვს. მან ვალენსიას სკაუტების ყურადღება მიიპყრო და სამ წელიწად-ნახევრის წინ, გუნდში ყველასთვის უცნობი მეკარის სტატუსით გადავიდა. გიორგიმ ღამურების გულშემატკივრებთან ბრწყინვალე ურთიერთობა დაამყარა და მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, რათა ვალენსიური კარიერა შედარებით მაღალ ნოტაზე დაასრულოს.

ვალენსიაში არ მიაჩნიათ, რომ მამარდაშვილი გუნდის წარუმატებელი ასპარეზობის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია. იყო უცნაური შეცდომა და ბარსელონასთან 1:7 წაგებული შეხვედრა, მაგრამ არაფერი ისეთი, რაც მეკარეებისთვის ყოველდღიურობას არ წარმოადგენს. ფაქტი ისაა, რომ ვალენსიაზე მეტი გოლი მხოლოდ ბოლოადგილოსან ვალიადოლიდს გაუშვია და ღამურების მიერ მიღებული 44 ბურთი, დაცვაში ნაჩვენები ცუდი თამაშის ბრალი უფროა, ვიდრე მამარდაშვილის. მამარდაშვილის, რომლის წყალობითაც, გასულ სეზონში მეცხრე ადგილზე გასული ვალენსია, გოლგაუშვებელი მატჩების რაოდენობით, ლა ლიგაში მეოთხე იყო.

სტატისტიკური მაჩვენებლები შესაძლოა, ლივერპულის გულშემატკივრების აღელვებას იწვევდეს, მაგრამ კონტექსტი აუცილებელია. მამარდაშვილის პასების სიზუსტე 63 პროცენტია, რაც საოცარი რიცხვი არაა, მაგრამ მისი 600 გადაცემიდან, 44 პროცენტი მეტოქის ნახევარზე იქნა გაკეთებული, 16 პროცენტი კი - მოედნის დასკვნით მესამედში. სხვა გოლკიპერებთან შედარებით, რომლებიც მოკლე პასებს აკეთებენ, მამარდაშვილი უფრო რისკავს. მაგალითად, შეგვიძლია ალისონი მოვიყვანოთ. მისი გადაცემების 81 პროცენტი ზუსტია, მაგრამ პასების მხოლოდ 20 პროცენტი აღმოჩნდა მეტოქის ნახევარზე, შვიდი - მოედნის დასკვნით მესამედში. კაოიმინ კელეჰერს რაც შეეხება, შორ მანძილზე მისი გადაცემების მხოლოდ 29 პროცენტი წავიდა.

გიორგი მამარდაშვილი ბარსელონას წინააღმდეგ

ქართველი მეკარე ვალენსიას გადარჩენაზეა ფოკუსირებული და მიზნის მიღწევაში, მისი სათამაშო ფორმა გადამწყვეტი იქნება. თუმცა, საიდუმლო არავისთვისაა, რომ მერსისაიდულ მომავალზეც ფიქრობს. ესპანეთში რაც არ უნდა მოხდეს, წინასასეზონო ეტაპზე, მამარდაშვილი ლივერპულს შეუერთდება და სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოსახვედრად იბრძოლებს. აგვისტოში, როცა ტრანსფერი დადასტურდა, მან ინგლისური ენის გაკვეთილები დაიწყო და ახლახან, გაერთიანებულ სამეფოში საცხოვრებელ ადგილს ეძებდა. ლივერპული მას აქტიურად აკვირდება და ყველა თამაშს ადევნა თვალი, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო.

ენფილდზე დამაინტრიგებელი ვითარება იქმნება, რადგან ლივერპულს უკვე ჰყავს ორი მეკარე, რომლებსაც შეუძლიათ, ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრები იყვნენ - ალისონი და კელეჰერი. მათ გარდა, გუნდში ირიცხება ვიტიშლავ იაროში, რომელმაც მიმდინარე სეზონში, ითამაშა კიდეც. მამარდაშვილი გუნდის ნომერ პირველი მეკარეობის გარდა, სხვა ვარიანტს არ განიხილავს. ის ალისონს უდიდეს პატივს სცემს, მაგრამ ლივერპულთან კონტრაქტი იმიტომ არ გაუფორმებია, რომ სათადარიგოთა სკამზე იჯდეს, მას თამაში უნდა. გასულ თვეში, ბარსელონასთან მატჩისას, ფერან ტორესმა ჰკითხა, ლივერპულს ზაფხულში რატომ არ მიაშურა, რაზეც გიორგის მარტივი პასუხი ჰქონდა: „ალისონი“.

გიორგი მამარდაშვილი და ფერან ტორესი

ბრაზილიელი გოლკიპერი მშვენიერი ფორმაშია და კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს. ასე რომ, არნე სლოტისთვის არაა აუცილებელი, მეკარის პოზიციაზე დაუყოვნებლივი ცვლილებები გაატაროს. საინტერესოა, ლივერპული რა არჩევანს გააკეთებს და ზაფხულში რას გადაწყვეტს. ამდენი გოლკიპერისთვის ადგილი ნამდვილად არაა. სლოტი რეგულარულად აცხადებს, რომ ალისონი პირველი მეკარეა, კელეჰერი კი, რომელსაც კონტრაქტი ჯერ არ გაუხანგრძლივებია, ენფილდის დატოვების კანდიდატია.

მართალია, მამარდაშვილი სამომავლო პერსპექტივით გაიფორმეს, მაგრამ გიორგიმ, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე აჩვენა, რომ უკვე მზადაა. გასულ აგვისტოში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავკაცის, ვილი სანიოლის ასისტენტმა, დევიდ უებმა განაცხადა, რომ მას შეუძლია, მსოფლიოს ტოპ 3 ან ტოპ 4 მეკარეს შორის მოხვდეს.

გიორგი მამარდაშვილი

ლივერპული მამარდაშვილს სერიოზულად პირველად 2023 წელს დააკვირდა. ბურთის მოგერიების უნარი, რომელიც მას აქვს, წითლებს ძალიან მოეწონათ, მაგრამ ფეხით თამაშთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები იყო გაჩენილი. ესაა კომპონენტი, რომელზეც ბოლო წლებში გიორგი ყველაზე მეტს მუშაობდა. როცა 19 წლის იყო, გიორგი ჭიაბრიშვილი ამხნევებდა და ეუბნებოდა, შორს არასდროს დაერტყა, რამაც მას თავდაჯერებულობა გაუჩინა.

სლოტს მამარდაშვილთან ჯერ არ უსაუბრია და მასთან სამომავლო გეგმებზე მსჯელობა არ გაუმართავს. მისი მიზანი, წლევანდელი სეზონის დადებითად ჩამთავრება და მის ხელთ არსებული ფეხბურთელებისგან მაქსიმუმის მიღებაა. გასულ კვირას, სლოტმა ახსნა, რომ სატრანსფერო ბაზარზე ლივერპულის ინერტულობა განპირობებულია შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც, ამჟამინდელი შემადგენლობის შეფასება უნდა მოხდეს, შემდეგ კი მომავლის შენება დაიწყოს.

მამარდაშვილი იშვიათი გამონაკლისია და ძალიან მალე, გასავარდნ ზონაში მყოფ ვალენსიას გაცვლის მომთხოვნ გარემოზე, სადაც ყოველთვის მოგებას ელოდებიან. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დიდი ალბათობით, ლივერპული მომდევნო სეზონს პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით დაიწყებს.

გიორგი მამარდაშვილი

მამარდაშვილს ეს ზეწოლა არ შეაშინებს. მას სურს, ძველი მიღწევები გააუმჯობესოს და ოქროს ბურთის მოგების კანდიდატი გახდეს. ვალენსიას ლა ლიგაში დატოვება მისი ამბიციებისთვის კარგი დასაწყისი იქნება, მაგრამ მის მომავალს ის განსაზღვრავს, რაც გაისად ლივერპულში მოხდება“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

ცნობისთვის, მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ მაისურით 22-ე შეხვედრა ჩაატარა და საერთო ჯამში 38 გოლი გაუშვა, კარი მშრალად კი 5-ჯერ შეინახა. გიორგის „ვალენსიას“ 24 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში იმყოფება. „ვალენსია“ მომდევნო შეხვედრას 8 მარტს, „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი აყვანა შეუძლებელია“ | სარაევოს მთავარი მწვრთნელი გულიაშვილს აქებს
„მისი აყვანა შეუძლებელია“ | სარაევოს მთავარი მწვრთნელი გულიაშვილს აქებს