გუგეშაშვილის ემოციები | გამარჯვება 90-ე წუთზე და გიჟური აღნიშვნა
საბერძნეთის სუპერ ლიგის 25-ე ტურში „პანსერაიკოსმა’’ შინ „კალითეას’’ 2-1 მოუგო. გამარჯვებულთა ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კვლავ დამაჯერებელი იყო (90 წუთი ითამაშა).
„პანსერაიკოსისთვის’’ ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.
კლუბმა ამ გამარჯვებას ვრცელი ვიდეო მიუძღვნა. ლუკას რამდენიმე კადრია მოსარჩევი, გამარჯვების შემდეგ მოედანზე დაცემულ მთავარ მწვრთნელ, ხუან ფერანდოსთან მიდის და მოგებას ემოციურად ულოცავს: „შენთვის’’. ასევე, შემდეგ ქომაგებთან მიდის და ხუმრობით ეუბნება მათ, რომ მისი სახელი უფრო მეტჯერ იყვირონ: „მეტი ლუკა, მეტი ლუკა''.
მატჩის მე-6 წუთზე რთული დარტყმა მოიგერია, 72-ე წუთზე - პენალტი, თუმცა მისი გუნდის მცველები ინერტულნი იყვნენ და ალფარელამ, ვინც პენალტი დაარტყა, დამატებაზე გაიტანა. „პანსერაიკოსმა'' გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე შეაგდო, ბეტანკურის ანგარიშზეა.
CrystalSport-ის ცნობით, პაოკ-ი მზადაა ლუკას სანაცვლოდ 1,2 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამ ეტაპზე კლუბებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება. ლუკა პაოკ-ს პირად კონტრაქტზე სიტყვიერად შეუთანხმდა.
Transfermarkt-ის მონაცემებით, ლუკას სატრანსფერო თანხა 500 000 ევროა. „პანსერაიკოსთან'' მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს. აქედან გამომდინარე, 2025 წლის ზაფხული ტრანსფერისთვის იდეალური მომენტია.
25 წლის მეკარემ სუპერ ლიგის სეზონში 24 მატჩი ჩაატარა, ოთხ შეხვედრაში გუნდის კაპიტანი იყო, ასევე ოთხ მატჩში კარი მშრალად შეინახა.
14-გუნდიან სუპერ ლიგაში „პანსერაიკოსი'' 25 ქულით მე-11 ადგილზეა.