კარგი ამბავი: 18 წლის ქართველი მეკარე ბელგიური კლუბის განაცხადში
ბელგიის ჩემპიონატის 28-ე ტურში „როიალ უნიონ სენ ჟილმა’’ შინ „დენდერი’’ 4:1 დაამარცხა. „უნიონ სენ-ჟილის’’ 22-კაციან განაცხადში 18 წლის ქართველი მეკარე გიორგი ყავლაშვილი მოხვდა.
„ჩვენი აკადემიის მოთამაშე გიორგი ყავლაშვილი პირველად შეუერთდა მთავარ გუნდს’’ - აღნიშნულია „უნიონ სენ-ჟილის’’ ოფიციალურ Facebook გვერდზე.
CrystalSport-ის ინფორმაციით, 2 თვეა ქართველი მეკარე პირველ გუნდთან ერთად რეგულარულად ვარჯიშობს, მასში დიდ პოტენციალს ხედავენ და მისი დიდი იმედი აქვთ.
1,94 მ. სიმაღლის გიორგი ყავლაშვილი ბელგიაშია დაბადებული, მისი პირველი გუნდი „ანტვერპენი’’ იყო, შემდეგ „ვესტერლოში’’ ირიცხებოდა, 2024 წლიდან „უნიონ სენ ჟილის’’ აკადემიაშია. გიორგის საქართველოს 17 და 18-წლამდე ნაკრებებში უთამაშია.
ამ სეზონში გუნდის პირველი მეკარე 34 წლის კრისტიან მორისია, გუნდის კაპიტანია და საკლუბოსთან ერთად დიდი სანაკრებო გამოცდილება აქვს, ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. მის გარდა გიორგის კონკურენტები 22 წლის ვიკ შომბაღი და 23 წლის შვედი იოაკიმ იმბრეშტი არიან, თუმცა მათ პროფესიულ დონეზე თამაშის მწირი გამოცდილება აქვთ.
მთავარი მწვრთნელი 37 წლის სებასტიენ ჟან პოკონიოლია, ბელგიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე, ამ პოზიციაზე გასული წლიდან მუშაობს, მანამდე კი „უნიონ სენ-ჟილის’’ 21-წლამდე გუნდს, „გენკის’’ 18-წლამდე გუნდსა და ბელგიის 18-წლამდე ნაკრებს წვრთნიდა.
ამ მომენტისთვის „უნიონ სენ-ჟილი'' ბელგიის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა.
2021-22 და 2023-24 წლების სეზონებში „უნიონ სენ-ჟილი'' ბელგიის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა. ასევე, 2022-23 წლების სეზონში ევროპა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშა, სადაც ლევერკუზენის „ბაიერთან'' დამარცხდა.