„მისი აყვანა შეუძლებელია“ | სარაევოს მთავარი მწვრთნელი გულიაშვილს აქებს
ბოსნია და ჰერცეგოვინის საფეხბურთო ჩემპიონატის მეოცე ტურში, გიორგი გულიაშვილის „სარაევო“ „შიროკი ბრიგს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვა და შეხვედრის ერთადერთი გოლი გულიაშვილის ანგარიშზეა.
მატჩის შემდეგ, „სარაევოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ზორან ზეკიჩმა 23 წლის თავდამსხმელზე ისაუბრა. ხორვატმა სპეციალისტმა გულიაშვილი შეაქო და განაცხადა, რომ მისნაირ ფეხბურთელთან არასდროს უმუშავია.
„გულიაშვილი უნდა შევაქოთ. მან თამაშში გარდატეხა კიდევ ერთხელ შეიტანა. მისი აყვანა შეუძლებელია. ძალიან კარგი ფეხბურთელები გამიწვრთნია, მაგრამ არასდროს მინახავს გულიაშვილისნაირი მოთამაშე, რომელიც გოლის გატანის შანსებს ასე მარტივად იღებს. ბევრ მომენტს აფუჭებს, მაგრამ მაინც შესანიშნავია“.
ცნობისთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, გულიაშვილს მონაწილეობა 19 მატჩში აქვს მიღებული. მის ანგარიშზე 13 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა. ქართველმა ფეხბურთელმა თასზეც იასპარეზა და 3 მატჩში ამდენივე ბურთი შეაგდო.
გულიაშვილის „სარაევოს“ 19 მატჩში მხოლოდ 1 წაგება აქვს, თუმცა მის ანგარიშზე 42 ქულაა და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს. „სარაევო“ ლიდერ „ზრინსკის“ 9 ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრა 8 მარტს, „ველეზ მოსტარის“ წინააღმდეგ ელის.