„მამარდაშვილის სათამაშო დონე?“ | ვალენსიას მთავარი მწვრთნელის კომენტარი
ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ოსასუნას“ დაუპირისპირდა. „ღამურები“ ორჯერ იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერც ერთხელ შეინარჩუნეს და მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ, „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს კორბერანმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა „მამარდას“ სათამაშო დონეს შეეხებოდა და ესპანელმა სპეციალისტმა ამ თემაზე საჯაროდ საუბარს თავი აარიდა.
„ფეხბურთელთა ინდივიდუალურ პერფორმანსს საჯაროდ არ ვაფასებ, ამას პირადად ვაკეთებ. როცა მოთამაშე საჭირო დონეზე დაბლა იმყოფება, ამის კომპენსირება ბევრი მუშაობით ხდება“, - განაცხადა „ღამურების“ თავკაცმა.
ცნობისთვის, მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ მაისურით 22-ე შეხვედრა ჩაატარა და საერთო ჯამში 38 გოლი გაუშვა, კარი მშრალად კი 5-ჯერ შეინახა. გიორგის „ვალენსიას“ 24 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში იმყოფება. „ვალენსია“ მომდევნო შეხვედრას 8 მარტს, „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ გამართავს.