ვალენსიამ ოსასუნასთან ქულები გაიყო - მამარდას ორი მოგერიება ჰქონდა
ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ოსასუნას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 3:3 ითამაშა.
ტრადიციულად, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავისი გუნდის გადარჩენა ორ ეპიზოდში შეძლო. ქართველ მეკარეს მასპინძლებმა ხუთჯერ დაურტყეს და ორი ბურთის მოგერიება მოახერხა.
ანგარიში მე-14 წუთზე ლოპესმა გახსნა. 26-ე წუთზე ოროსმა წონასწორობა აღადგინა. 32-ე წუთზე სადიქმა „ღამურები კიდევ ერთხელ დააწინაურა, რასაც 39-ე წუთზე ოროსის დუბლი და გამათანაბრებელი გოლი მოჰყა. ტაიმის მიწურულს კი ბუდიმირმა მამარდაშვილის კარში დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა და „ოსასუნა“ დააწინაურა. ვალენსიამ თამაშის გადარჩენა 88-ე წუთზე შეძლო. მასპინძელთა კარში გოლი სადიქმა გაიტანა, რის შედეგადაც გუნდებმა ქულები გაიყვეს. „ოსასუნას“ ფეხბურთელებს მეორე ნახევარში მამარდაშვილის კარში ზუსტად აღარ დაურტყამთ.
26 ტურის შემდეგ „ვალენსიას“ 24 ქულა აქვს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზე იმყოფება. ამდენივე ქულა აქვს გასავარდნი ზონის მიღმა მყოფ „ლას პალმასსაც“, რომელიც მამარდაშვილის გუნდს ბურთების უკეთესი შეფარდების გამო უსწრებს.
გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ მაისურით 22-ე შეხვედრა ჩაატარა და საერთო ჯამში 38 გოლი გაუშვა, კარის მშრალად შენახვა კი 5 შეხვედრაში შეძლო.
მომდევნო ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ვალიადოლიდს“ მიიღებს. მატჩი 8 მარტს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.