შვიდი მედალი პრესტიჟული ტურნირიდან - მოჭიდავეების ბრწყინვალე გამოსვლა
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გამართულ მუჰამედ მალოს სახელობის პრესტიჟულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე გამოსვლა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ტრიუმფით დაასრულეს. ვლადიმერ გეგეშიძის მომზადებულმა გუნდმა 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. საუკეთესო შედეგი იური ლომაძემ აჩვენა, რომელმაც 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში სამივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, ფინალში თურქ მეჰმეთ მუსტაფა შაჰინს 7:3 აჯობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
გამოსარჩევია 17 წლის ვერცხლის პრიზიორის ვახტანგ ლოლუას (55 კგ) საოცრად კარგი ასპარეზობა, რომელსაც უფროსების ტურნირზე დებიუტი გქონდა. მის გარდა მალოს სარეიტინგო ტურნირის ვიცე-ჩემპიონები გიორგი მელია (97 კგ), ამირან შავაძე (60 კგ) და გელა ბოლქვაძე (82 კგ) გახდნენ. ოთარ აბულაძემ (72 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავეს.
ცნობისათვის, ტურნირზე არსებული ექვსი წონითი კატეგორიიდან ხუთის ფინალში მინიმუმ ერთი ქართველი იყო. გარდა ამისა, სრულიად შესაძლებელი იყო შეჯიბრება ერთის ნაცვლად, ორი ოქროს მედლით დაგვესრულებინა, მაგრამ გელა ბოლქვაძემ (82 კგ) ტრავმის გამო ფინალი ვერ იჭიდავა.