ვირტუსმა ჩემპიონი დაამარცხა - შენგელიას 15 ქულა
სანაკრებო ბატალიების შემდეგ, პარასკევს, „ოლიმპიაკოსთან“ ევროლიგის შეხვედრაში „ვირტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა დუშკო ივანოვიჩმა თორნიკე შენგელიას დასვენების საშუალება მისცა და კლუბისთვის უფრო მნიშვნელოვანი მატჩისთვის შემოინახა, რომელიც ბოლონიელებმა დღეს იტალიის ჩემპიონატში ჩაატარეს და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ოლიმპია მილანო“ დაძაბულ ბრძოლაში 6-ქულიანი სხვაობით, 86:80 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 19 წუთი გაატარა და მატჩი 15 ქულით, 6 მოხსნით, 1 ჩაჭრითა და 1 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. შენგელიამ ექვსიდან ოთხი ორქულიანი და ათიდან შვიდი საჯარიმო გამოიყენა, ხოლო პერიმეტრიდან არც ერთხელ არ უსვრია. ექვსი მოხსნიდან ქართველმა კალათბურთელმა ორი - თავდასხმაში, ოთხი კი დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა და ოთხი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
20 ტურის შემდეგ 15 მოგებითა და 5 წაგებით „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ტრენტოს“ მხოლოდ ქულების შეფარდებით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას შენგელია და მისი თანაგუნდელები 7 მარტს, ევროლიგაში სტუმრად „ანადოლუ ეფესთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 21:30 წუთზე დაიწყება.