მხოლოდ კვარას დამატება სურდა - ენრიკეს ვეტო ლუკმენის ტრანსფერს
იტალიის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში „ატალანტა“ რომ ჯერჯერობით სკუდეტოსთვის მებრძოლ კლუბებთა რიგებში რჩება, ეს თუ ვინმეს დამსახურებაა, უპირველეს ყოვლისა ადემოლა ლუკმენია, რომელიც იმდენად ფანტასტიურ სეზონს ატარებს, რომ მისი ტრანსფერით ინგლისის პრემიერ ლიგის გრანდები, „ლივერპული“ და „არსენალი“ სერიოზულად არიან დაინტერესებულები. ნიგერიელი შემტევის ბერგამოდან აბარგების შანსებს ზრდის მისი კონფლიქტი მთავარ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინისთან, რაც მედიისთვის უკვე ძალიან დიდი ხანია ცნობილია.
როგორც Liverpool Echo-ს ერთ-ერთი ჟურნალისტი იუწყება, გასპერინისგან თავის დაღწევის საკმაოდ რეალური შანსი ლუკმენს ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინ, იანვარში ჰქონდა, როდესაც მისი აგენტი „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობასან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, პარიზულმა კლუბმა მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს უშუალო ჩარევის შედეგად, არჩევანი სერია A-ს სხვა ვარსკვლავზე შეაჩერა და კონტრაქტი ხვიჩა კვარაცხელიასთან გაფორმდა.
წლევანდელ იტალიის პირველობაზე ადემოლა ლუკმენის ანგარიშზე უკვე 12 გოლი და 5 საგოლე პასია, თუმცა ძნელად სავარაუდოა „სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელები მისი ტრანსფერის ჩაშლას ნანობდნენ, რადგან აფრიკელის ნაცვლად დამატებული ხვიჩა კვარაცხელია გუნდს იმდენად კარგად შეეწყო, რომ ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგაზე კარსმომდგარი „ლივერპულთან“ ჯახის წინ ქართველის დასვენება გადაწყვიტა და „ლილთან“ (4:1) მხოლოდ ცვლილებაზე შეუშვა.