ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

მარცხი ზალცბურგთან - კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-20 ტურში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, „ზალცბურგს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:1 დამარცხდა.

გრაცელებმა პირველი ნახევარი 1:0 მოიგეს, თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და მეორე ნახევარში მასპინძლებისგან სამი უპასუხო გოლი გაუშვეს.

ქართველმა ნახევარმცველმა თავისი გუნდის გოლში თავისი წვლილი შეიტანა. კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი კიტეიშვილმა ეფექტურად გაატარა, რომელიც შემდეგ სტანკოვიჩს მიუვიდა და ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. გამეორებაზე ჩანდა, რომ ბურთი კიტეიშვილსაც მოხვდა და თავდაპირველად, ქართველ ფეხბურთელს ასისტი ჩაეწერა, თუმცა, მოგვიანებით ავსტრიის ბუნდესლიგის ოფიციალურ გვერდზე კიტეიშვილს ასისტი გაუუქმდა. ამ ეპიზოდის გარდა, ქართველი ნახევარმცველი კიდევ ერთ ეპიზოდში დაგვამახსოვრდა, როდესაც 53-ე წუთზე მეტოქის სწრაფი შეტევის ჩაშლისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.

დღევანდელ შეხვედრაში კიტეიშვილი ბურთს 74-ჯერ შეეხო, 53-დან 42 ზუსტი პასი შეასრულა, მათ შორის ერთი საკვანძო. კარის მიმართულებით სამჯერ დაარტყა, აქედან 1 ზუსტი იყო, 1 არაზუსტი, ერთიც კი დაიბლოკა. 10 პოზიციური დუელიდან 3 მოიგო, 3 საჰაეროდან კი 1. სახიფათო სიტუაცია 2-ჯერ განმუხტა, 2 დარტყმა დაბლოკა და 2 ართმევა ჰქონდა. ცნობილ სტატისტიკურ პორტალ Sofascore-ზე მისი თამაში 6.9 ქულით შეფასდა.

20 ტურის შემდეგ, „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 40 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა, ამდენივე ქულა აქვს ვენის აუსტრიას, ზალცბურგი კი 34 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.

რაც შეეხება კიტეიშვილს, ქართველმა ნახევარმცველმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში „შტურმის“ მაისურით 19 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 მარტს, სტუმრად „გრაცერის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები