ფინიშამდე სამი თვით ადრე - ლევანდოვსკის საუკეთესო სეზონი ბარსაში
საკლუბო სეზონის დასრულებამდე სამ თვეზე ოდნავ ნაკლებია დარჩენილი, რობერტ ლევანდოვსკიმ კი „ბარსელონურ“ კარიერაში მისთვის უკვე ყველაზე შედეგიანი სეზონი დააფიქსირა. პოლონელმა ბომბარდირმა კატალონიური გრანდის რიგებში სადებიუტო წელი - 33, მეორე სეზონი 26 გოლით დაასრულა, წელს კი მის ანგარიშზე უკვე 34 ბურთია (21 - ლა ლიგაში, 9 - ჩემპიონთა ლიგაში, 3 - კოპა დელ რეიზე, 1 - ესპანეთის სუპერ თასზე).
გუშინ „ბეტისთან“ „რეალის“ დამარცხების შემდეგ, პრიმერა დივიზიონის XXVI ტურის მატჩი „სოსიედადთან“ „ბარსასთვის“ უმნიშვნელოვანესი გახდა და კატალონიელებმა მეტოქეს 4:0 აჯობეს. პირველ ნახევარში დანი ოლმოს ორი საგოლე პასით ხერარდ მარტინმა და მარკ კასადომ გამოიჩინეს თავი. შესვენების შემდეგ კი რონალდ არაუხომ ჯერ თავად გაიტანა, მოგვიანებით კი ასისტენტობა ლევანდოვსკის გაუწია, რომელმაც ბომბარდირთა დავაში კილიან მბაპესთან სხვაობა 4 ბურთამდე გაზარდა.
„ბარსელონასთან“ ერთად ლევანდოვსკის ერთხელ ესპანეთის ჩემპიონატი (2023), ორჯერ კი ქვეყნის სუპერ თასი (2023, 2025) აქვს მოგებული, საერთო ჯამში ბლაუგრანას რიგებში ყველა ტურნირზე გამართულ 132 შეხვედრაში კი მის ანგარიშზე 93 გოლია.