ნასერ ალ ხელაიფი
Aa
Aa

ლიგის მოგება ჩვენი მიზანი არ არის - ალ-ხელაიფი პსჟ-ის გეგმებზე

წლევანდელ სეზონში „პარი სენ-ჟერმენი“ იმდენად სოლიდურ ფეხბურთს თამაშობს, რომ ნელ-ნელა საფრანგეთის ჩემპიონებს ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტებს შორისაც ასახელებენ. ლუის ენრიკეს მომზადებული „სენ-ჟერმენი“ ერთადერთი კლუბია ევროპის ტოპ 5-ლიგაში, რომელსაც შინაურ პირველობაზე ჯერჯერობით მარცხი არ განუცდია. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ნაპოლიდან“ დამატებული ხვიჩა კვარაცხელია გუნდს კარგად შეეწყო და შემტევი პოტენციალი საგრძნობლად გააძლიერა.

ამდენი პოზიტივის არსებობის მიუხედავად, პროგნოზების გაკეთების დროს, კლუბის კატარელი მეპატრონე ნასერ ალ-ხელაიფი საკმაოდ მოკრძალებულია, რითაც გარდა იმისა, რომ ფანების ზედმეტ აჟიტირებას არ უწყობს ხელს, ლუის ენრიკეს მშვიდად მუშაობის, ფეხბურთელებს კი ზედმეტი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ასპარეზობის საშუალებას აძლევს.

რას ამბობს ალ-ხელაიფი

2013 წელს უდიდესი შეცდომა დავუშვი, როდესაც ხმამაღლა განვაცხადე, რომ პსჟ-ის უპირველესი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო. ახლა თუ მკითხავთ, არის თუ არა ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე გამარჯვება მთავარი ამოცანა, აუცილებლად უარყოფით პასუხს გაგცემთ.

დადებითი პასუხი მაქვს მხოლოდ ამ კითხვაზე - არის თუ არა „სენ-ჟერმენი“ მზად ყველა მეტოქის დასამარცხებლად. ვთამაშობთ სანახაობრივ, შემტევ ფეხბურთს, ქომაგებს ვანიჭებთ დიდ სიამოვნებას და გვყავს ისეთი კალიბრის ფეხბურთელები, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის დონის ტურნირის მოგება შეუძლიათ.

იცით ვინ არის ახლანდელი პსჟ-ის მთავარი ვარსკვლავი? გუნდი. ვამაყობ, რომ უმოკლეს დროში ლუის ენრიკემ ჩვენი კლუბის ფილოსოფია შეცვალა. ახლა ყველა - ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი, ანალიტიკოსები, თუ სამედიცინო პერსონალი ერთი მიზნის გარშემოა გაერთიანებული.

შეგახსენებთ, რომ 24 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ „მარსელს“, რომელსაც დედაქალაქელებთან შედარებით მატჩით ნაკლები აქვს გამართული, 16 ქულით უსწრებს. მომდევნო შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ რაუნდში, საკუთარ სტადიონზე „ლივერპულთან“ გამართავენ და ეს მატჩი თბილისის დროით ოთხშაბათს, ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„საუკეთესო პირველი ტაიმი გვქონდა ამ სეზონში“ - ლუის ენრიკე
„საუკეთესო პირველი ტაიმი გვქონდა ამ სეზონში“ - ლუის ენრიკე