ემპოლიმ 3 ქულა ხელიდან გაუშვა - გოგლიჩიძეს გატანა შეეძლო
შუა კვირაში იტალიის თასზე „ემპოლიმ“ ნამდვილი სენსაცია შემოგვთავაზა და ტურნირს „იუვენტუსი“ გამოთიშა, თუმცა სერია A-ში არსებული მძიმე სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, რობერტო დ’ავერსას გუნდისთვის ეს ვერავითარი შვება ვერ იქნებოდა, რის გამოც ჩემპიონატის XXVII ტურის შეხვედრას ის და მისი შეგირდები მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდნენ, 11-მატჩიანი მოუგებელი სერიის დასრულებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ ისინი გადამწყვეტ მომენტში მეკარე მარკო სილვესტრიმ დააღალატა და თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ტოსკანელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და ყველაფერი ლოგიკურად 36-ე წუთზე დაგვირგვინდა, როდესაც ლიგურიელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით „ემპოლის“ კაპიტანმა ალბერტო გრასიმ ისარგებლა და სტუმრები დააწინაურა. საპასუხო გოლი კი „ჯენოამ“ არბიტრის საფინალო სასტვენამდე 9 წუთით ადრე გაიტანა, როდესაც ერთ-ერთი დარტყმა რიკოშეტის შედეგად სილვესტრისკენ წავიდა, რის შემდეგაც მან ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და ავტოგოლი ჩაეთვალა.
რაც შეეხება საბა გოგლიჩიძეს, 20 წლის ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და ათბალიანი შეფასებით 6,7 დაუწერეს. მან ხიფათი 6-ჯერ განმუხტა, 8 ორთაბრძოლიდან 4 მოიგო, 2-ჯერ დაჯარიმდა, ბურთს 32-ჯერ შეეხო და მისი 17 პასიდან ზუსტი 8 აღმოჩნდა. ერთ ეპიზოდში გოგლიჩიძეს გატანაც შეეძლო, როდესაც სტანდარტისას მეტოქის საჯარიმოში ჩასულს ბურთი მოულოდნელად მიუვიდა და სიტუაციაში კარგად ვერ გაერკვა.
27 ტურში დაგროვებული 22 ქულით სერია A-ს სატურნირო ცხრილში „ემპოლი“ მე-18 ადგილზეა. მომდევნო მატჩს გოგლიჩიძე და მისი თანაგუნდელები 9 მარტს, საკუთარ სტადიონზე „რომასთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება.