განრისხებული ფონსეკა და ლიონის მძიმე გამარჯვება ბრესტთან - მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „ბრესტს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვა.
გიორგი მიქაუტაძე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. პაულო ფონსეკამ ქართველი შემტევი თავიდან მარცხენა ფლანგზე გაამწესა, ლაკაზეტის გასვლის შემდეგ კი მიქაუტაძემ ცენტრში გადაინაცვლა. საერთო ჯამში ქართველ ფეხბურთელს დამაკმაყოფილებელი მატჩი ჰქონდა და გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მეორე ტაიმის დებიუტში მისი თავური „ბრესტის“ მეკარემ მოიგერია.
მიქაუტაძის მომენტები:
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, თავდაპირველად მე-15 წუთზე ბრესტი დაწინაურდა, გოლი კი ლალამ გაიტანა. 24-ე წუთზე ლაკაზეტიმ წონასწორობის აღდგენა შეძლო, 82-ე წუთზე კი მეტოქის კარში დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
მატჩის კულმინაცია ბოლო წუთებზე იყო, როდესაც მთავარმა მსაჯმა მოედნიდან „ლიონის“ მთავარი მწვრთნელი, პაულო ფონსეკა გააძევა. მატჩის არბიტრი VAR-ზე ბრესტის სასარგებლოდ პოტენციურ პენალტს ამოწმებდა, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი ფონსეკას ეგონა, რომ მსაჯმა პენალტის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც მისი განრისხება და გაძევება გამოიწვია, თუმცა, მთავარმა მსაჯმა ლიონის კარში თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.
24 ტურის შემდეგ „ლიონი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 39 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ „ნიცას“ 7 ქულით ჩამორჩება. გიორგი მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას ევროპა ლიგაზე FCSB-ის წინააღმდეგ გამართავს, ლიგა 1-ში კი 9 მარტს, სტუმრად „ნიცას“ დაუპირისპირდება.