ბუდუს გაყიდვა ძალიან მტკივნეული იყო | კარლსრუეს მწვრთნელის კომენტარი
ცნობილი გერმანული გამოცემა Sport1.de „კარლსრუეს’’ მთავარ მწვრთნელს, კრისტიან აიხნერს ესაუბრა. ვრცელი ინტერვიუდან ერთ-ერთი კითხვა ბუდუ ზივზივაძეს ეხებოდა, რომელმაც ბუნდესლიგა 2-ის პირველ წრეში 17 მატჩში 12 გოლი შეაგდო და ბომბარდირთა დავას ლიდერობდა, თუმცა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „კარლსრუემ’’ 1,8 მილიონ ევროდ „ჰაიდენჰაიმში’’ გაყიდა.
Sport1: „თქვენი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე ზამთარში „ჰაიდენჰაიმში’’ გადავიდა. მისი წასვლა დიდი დანაკლისი იყო?''
კრისტიან აიხნერი: „გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის გაყიდვა მტკივნეული იყო, ზამთარში გუნდი მეორე ადგილზე იყო და ყველაფერი კარგად მიდიოდა. ჩვენ გვქონდა იმედი, რომ დიდ გუნდებს გავაბრაზებდით, პრობლემებს შევუქმნიდით, თუმცა რეალობა ისაა, რომ კლუბს ტრანსფერიდან მიღებული თანხა სჭირდებოდა, რადგან ფეხბურთელს ზაფხულში კლუბთან კონტრაქტი ეწურებოდა''.
ბუდუს გაყიდვის შემდეგ „კარლსრუემ'' ბუნდესლიგა 2-ში 7 მატჩი ჩაატარა: 2 გამარჯვება, 1 ფრე, 4 მარცხი. გუნდი, რომელიც ბუნდესლიგაში აღზევების ერთ-ერთი რეალური კანდიდატი იყო, მე-9 ადგილამდე დაქვეითდა.
ბუდუმ ბუნდესლიგაში თამაშის ოცნება აიხდინა, თუმცა მისი და მისი გუნდის საქმეები ცუდად მიდის, 30 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბუნდესლიგაში ცხრა მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია. ასევე, „ჰაიდენჰაიმს'' ბუნდესლიგაში 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. 18-გუნდიან ბუნდესლიგაში 15 ქულით მე-17 ადგილზეა და მე-15 ადგილზე მყოფ „სანქტ-პაულს'' 6 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში, 9 მარტს „ჰოფენჰაიმს'' ესტუმრება.