დემბელე: “ფეხბურთელები სიამოვნებას ვიღებთ“
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენმა ლილს უმასპინძლა და მარტივად 4:1 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უსმან დემბელე გახდა, რომელმაც თამაშის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
დემბელე:
„ძალიან კარგად ვითამაშეთ. კარგად ვემზადებით იმისთვის, რაც შეიძლება მოხდეს. ლუის ენრიკე? მან გვითხრა, რომ მართლაც კარგად ვითამაშეთ. გამარჯვებაში წვლილი ყველამ შეიტანა - მცველებმა, ნახევარმცველებმა, თავდამსხმელებმა. გვინდა, რომ გადამწყვეტები ვიყოთ. კარგ დინამიკაში ვართ და ამის შენარჩუნებას ვეცდებით.
ფეხბურთელები სიამოვნებას ვიღებთ. ყველა უტევს და იცავს. ძალიან შეკრული გუნდი ვართ და შედეგს სწორედ ეს იძლევა. 90-95 წუთი მხიარულად გადის. გამოვყოფდი ჩვენს მენტალიტეტს. ბევრი გოლი გამაქვს და ამაში წვლილი თანაგუნდელებს მიუძღვით. კარგად გვესმის, რომ ლივერპულთან რთული მატჩი იქნება. მათ საოცარი სეზონი აქვთ.“
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში უსმან დემბელე საოცარ ფორმაშია. ყველა ტურნირზე ერთად 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 26 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ცნობისთვის, ლილთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელია მინდორზე 63-ე წუთზე გამოჩნდა. პსჟ უახლოეს მდევარს მარსელს 16 ქულით უსწრებს, თუმცა მარსელს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ლუის ენრიკეს გუნდი შემდეგ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულის წინააღმდეგ გამართავს.