კვარამ ცვლილებაზე ითამაშა | პსჟ-მ ლილი გაანადგურა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურში პსჟ-მ „პარკ დე პრენსზე’’ „ლილი’’ გაანადგურა - 4:1. პირველ ტაიმში პარიზულმა გუნდმა ოთხი გოლი შეაგდო. გოლები ბარკოლას, მარკინიოსის, დემბელესა და დუეს ანგარიშზეა. საპასუხო გოლი მეორე ტაიმში ჯონათან დევიდმა შეაგდო.
ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე დასვა და 63-ე წუთზე ჩართო თამაშში (უსმან დემბელე შეცვალა). ხვიჩას თამაშიდან გამოსარჩევია მომენტი, როცა ბრწყინვალე პასით ბარკოლა მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა ეს გოლი არ ჩაითვალა, თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.
ლიგა 1-ში პსჟ 62 ქულით პირველზეა, მეორე ადგილს „მარსელი'' იკავებს, რომელმაც 46 ქულა დააგროვა, თუმცა პსჟ-სთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი ჩაატარა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ში ექვს მატჩში 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა, ჩემპიონთა ლიგის ორ მატჩში მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასია. ასევე, საფრანგეთის თასის ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი პენალტი მოიპოვა.
ლუის ენრიკეს გუნდი შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს, მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ლივერპულს'' მიიღებს. მატჩი 6 მარტს, ოთხშაბათი დღის საღამოს, 00:00 საათზე დაიწყება.