იეგოიანი: იმედი მაქვს, არჩევანს საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე გავაკეთებ
ნიდერლანდების რანგით მეორე ლიგის 28-ე ტურში „ვიტესმა’’ შინ „მაასტრიხტს’’ 1:0 მოუგო. გამარჯვების გოლი ქართველმა ფეხბურთელმა ირაკლი იეგოიანმა გაიტანა. მისთვის მიმდინარე სეზონი პროფესიულ დონეზე სადებიუტოა, პროგრესირებს, ბოლო ხუთ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.
ირაკლი „მაასტრიხტთან'' მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
მატჩის შემდეგ ირაკლის ჟურნალისტმა ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით ჰკითხა. ფეხბურთელი ამჟამად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია და იმედოვნებს, რომ არჩევანს საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე გააკეთებს. მოგეხსენებათ, ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის შემდეგ ფეხბურთელს სხვა ქვეყნის სახელით თამაში შეუძლია, თუ კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს, თუმცა ეგოიანის შემთხვევაში ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში სურს, ეს კი მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული, ამ გადაწყვეტილებას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იღებს.
„მარტში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შეკრებაზე მიწვეული ვარ. ორი ამხანაგური მატჩი გვაქვს, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატისთვის ვემზადებით. მოუთმენლად ველი ნაკრების შეკრებას. იმედი მაქვს ვითამაშებ.
იმედი მაქვს, არჩევანს საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე გავაკეთებ’’ - აღნიშნა 20 წლის შემტევმა, რომელმაც ამ სეზონში „ვიტესში’’ 27 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.
ირაკლი იეგოიანს საქართველოს 16, 18 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იეგოიანს რეგულარულად იწვევს, თუმცა გასულ შესარჩევ ციკლში მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა, მსაჯის მიერ დამატებული წუთები რომ არ ჩავთვალოთ მინდორზე მხოლოდ 68 წუთი გაატარა.
ირაკლი ამსტერდამის „აიაქსისა'' და ენსხედეს „ტვენტეს'' აკადემიებში ირიცხებოდა. „ვიტესთან'' კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
Transfermarkt-ის მონაცემებით მისი სატრანსფერო თანხა 300 000 ევროა.
ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ირაკლის ნიდერლანდების მოქალაქეობაც აქვს. ზოგადად, ევროკავშირელის პასპორტი ფეხბურთელებისთვის დამატებითი პლუსია, თუ რა თქმა უნდა მოთამაშის მიზანი კარიერის ევროპაში განვითარებაა.