ტრიუმფი იუნიორთა მსოფლიოზე | მეტელკინა და ბერულავა ჩემპიონები გახდნენ
ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც უნგრეთის ქალაქ დებრეცენში იმართება, სპორტული წყვილების შეჯიბრი ქართველი სპორტსმენების გამარჯვებით დასრულდა - ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ 20 წყვილს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ.
28 თებერვალს მოკლე პროგრამაში ქართველმა წყვილმა 69,18 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა, დღეს კი თავისუფალ პროგრამაში ასევე არავის დაუთმეს პირველობა და საერთო ჯამში 191.01 დაგროვებული ქულით მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.
ანასტასიას და ლუკას დღევანდელი გამოსვლა
მეორე ადგილზე გავიდა უკრაინული წყვილი - სოფია ჰოლიჩენკო და არტემ დარენსკი (164.06), ხოლო მესამე კანადის წარმომადგენლებს - მარტინა არიანო კენტსა და ჩარლი ლალიბერტე-ლორანს ერგოთ (155.02).
დაჯილდოების ცერემონია
აღსანიშნავია, რომ ანასტასიასა და ლუკასთვის ეს იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე გამარჯვებაა.
აქვე გეტყვით, რომ დღესვე ინგა გურგენიძემ თავისუფალი პროგრამით იასპარეზა. ქართველი სპორტსმენი მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში კი მხოლოდ მე-11 შედეგი აჩვენა და ორი გამოსვლის ჯამში დაგროვებული 183.04 ქულით მე-6 ადგილს დასჯერდა.