ჰაიდენჰაიმმა ისევ წააგო | ბუდუ პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს
ბუნდესლიგის 24-ე ტურში „ჰაიდენჰაიმი“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე იცავს, საკუთარ კედლებში „გლადბახს“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.
სტუმრებმა ანგარიში მე-8 წუთზე გახსნეს იულიან ვაიგლის პასის შემდეგ თავი რობინ ჰაკმა გამოიჩინა. მე-18 წუთზე ნათან ნგუმუმ ლამაზად გათამაშებული კომბინაცია უზუსტესი დარტყმით დაასრულა და „გლადბახის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა, 59-ე წუთზე კი ჰაკმა დუბლი შეასრულა.
რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, ფრანკ შმიდტმა ის ძირითად შემადგენლობაში დააყენა და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა. ქართველ ფორვარდს, ისევე როგორც მთელ „ჰაიდენჰაიმს“ შეტევაში არაფერი გამოსდიოდა.
ბუდუმ Sofascore-ისგან 6,6-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 10 შეხება ბურთთან, 8-დან 8 ზუსტი პასი (100%), 3-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა, 3 წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა. ბუდუ ერთხელ დაჯარიმდა, მეტოქეს კი ორჯერ დაარღვევინა წესები.
24 მატჩის შემდეგ „ჰაიდენჰაიმს“ 15 ქულა აქვს და ბუდუს გუნდი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ჰაიდენჰაიმი“ 9 მარტს, გასვლაზე „ჰოფენჰაიმის“ წინააღმდეგ გამართავს.
რაც შეეხება ზივზივაძეს, „ჰაიდენჰაიმის“ მაისურით მას 9 მატჩი აქვს ჩატარებული და ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 1 საგოლე პასია.