“თამაშს არ დავესწრებით“ - სომეხი გულშემატკივრების პროტესტი
ერთა ლიგის საპლეიოფო მატჩის წინ, სომხეთი საქართველოსთან დაპირისპირებას გარკვეული სახის პრობლემებით ხვდება.
სომხური მედიის ინფორმაციით, სომეხი გულშემატკივრების ნაწილი, რომებსაც ცალკე ორგანიზაცია აქვთ(First Armenian Front – Red Eagles), შესაძლოა საქართველოსთან თამაშს არ დაესწრონ. ასეთ შემთხვევაში, ეროვნულ ნაკრებს ქომაგების მნიშვნელოვანი რაოდენობა მოაკლდება.
აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას ბოიკოტს უცხადებენ. ისინი არც ეროვნული ნაკრების და არც საკლუბო ფეხბურთის მატჩებზე არ გამოცხადდებიან.
მიზეზი კი ფედერაციის მმართველობაა. გულშემატკივრები ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვენ.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 2024 წელს, სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ალეკსანდრ პეტრაკოვი დაითხოვეს. პროტესტი მეორე დღესვე დაიწყო, თუმცა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას რეაგირება დღემდე არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს და სომხეთის პირველი დაპირისპირება 20 მარტს სომხეთში გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 23 მარტს თბილისში.