„გვინდა, რომ მუნდიალზე ყველამ ითამაშოს“ - ინფანტინო რუსეთის დაბრუნებაზე
FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ისაუბრეს.
The Guardian-თან საუბრისას ინფანტინომ აღნიშნა, რომ მას ტრამპთან მუნდიალზე რუსეთის ნაკრების დაშვება-არდაშვების საკითხზე საუბარი არ ჰქონია.
„ამის შესახებ ტრამპისთვის კითხვა არ დამისვამს. ვფიქრობ, სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს ფეხბურთზე მეტად უფრო მნიშვნელოვანი თემებია განსახილველი. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ მუნდიალზე ყველა ქვეყანამ მიიღოს მონაწილეობა.
რაც შეეხება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ვიმედოვნებთ, რომ წარმატებული იქნება, რადგან ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის და არა მხოლოდ ფეხბურთისთვის.
თუ მშვიდობის დადგომის შემდეგ ფეხბურთს რაიმე როლის შესრულება შეეძლება, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს წვლილს შევიტანთ. მოუთმენლად ველით იმ დღეს, როდესაც ფეხბურთის თამაში მსოფლიოს ყველა ქვეყანას შეეძლება.
ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩასატარებლად პრეზიდენტთან მჭიდრო ურთიერთობა აბსოლუტურად აუცილებელი გახლავთ. წელს ჩვენ აშშ-ში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს ვატარებთ. ეს იქნება პირველი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, რომელშიც 32 გუნდი მონაწილეობს.
უკვე მომავალ წელს ჩვენ ვუმასპინძლებთ მსოფლიო ჩემპიონატს შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში. და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც წინადადებები წარადგინეს ამ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის, ტრამპი უკვე იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ასე რომ მასთან მჭიდრო ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს The Guardian-ი.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა უკვე შედგა და სტარტს ივნისიდან აიღებს. 4-გუნდიანი ჯგუფები (მაგალითად, საქართველოს ჯგუფი) კი კვალიფიკაციაში სექტემბრიდან ჩაერთვებიან.