L'Equipe: ენრიკეს 2 მოულოდნელი გადაწყვეტილება ლილის წინააღმდეგ
დღეს, ღამით (23:55) საფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის ცენტრალურ შეხვედრაში პსჟ „ლილს“ უმასპინძლებს. ჩვენი ინტერესები ბუნებრივია ხვიჩა კვარაცხელიასკენ არის მიმართული, რომელმაც შესაძლოა დღეს დაისვენოს.
გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'Equipe წერს, რომ ლუის ენრიკე 2 მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს.
სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე პარიზელები „ლივერპულს“ უმასპინძლებენ და ესპანელი სპეციალისტი ლიდერებს დასვენების საშუალებას მისცემს. წყაროს ცნობით, პირველ რიგში ხვიჩა კვარაცხელია და აჩრაფ ჰაკიმი დაისვენებენ. მაროკოელ მარჯვენა მცველს უორენ ზაირ-ემერი შეცვლის, რომელსაც მარჯვენა მცველად თამაშიც შეუძლია. ის ტრავმიდან ახლახან დაბრუნდა და ენრიკე მას სათამაშო პრაქტიკას მისცემს.
რაც შეეხება შემტევ ტრიოს, L'Equipe ამბობს, რომ დეზირე დუეც დაისვენებს, შეტევაში კი ბარკოლა-დემბელე-ლი კანგ-ინს ვიხილავთ.
შუა კვირაში სათასო შეხვედრაში კვარაცხელიამ და დუემ ყველაზე მეტი ითამაშეს, აქედან გამომდინარე ენრიკე მათ დასვენებისთვის მეტ დროს მისცემს.
მიუხედავად იმისა, რომ L'Equipe-ი გავლენიანი გამოცემაა, 100%-ით მაინც ვერ ვიტყვით, რომ ხვიჩა დღეს არ ითამაშებს. წინა ტურშიც ფრანგული გამოცემების უმრავლესობა წერდა, რომ ხვიჩა სასტარტოში არ იქნებოდა, თუმცა მათი ვარაუდი არ გამართლდა.