მიქაუტაძე სოლსკიაერთან - ქართველი ფორვარდის ახალი ვარიანტი
გიორგი მიქაუტაძეს „ლიონში“ საკმაოდ შედეგიანი სეზონი აქვს, მაგრამ ბოლომდე კმაყოფილი მაინც ვერანაირად ვერ იქნება, რადგან ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ასპარეზობის საშუალება არ ეძლევა. თითქოს სიტუაცია პიერ საჟის ნაცვლად პაულო ფონსეკას დანიშვნის შემდეგ უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან „პარი სენ-ჟერმენთან“ შეხვედრაში პორტუგალიელმა სპეციალისტმა 24 წლის ქართველი ფორვარდი თადარიგში დატოვა.
ყოველივე ამის ფონზე, საყურადღებოა ცნობილი თურქი ჟურნალისტის, ალი ბოზკურტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მიქაუტაძის დამატებას ზაფხულში „ბეშიქთაში“ შეეცდება. უკანასკნელ პერიოდში სტამბოლურ გრანდში როგორც ხელმძღვანელობა, ასევე სამწვრთნელო შტაბი რამდენჯერმე შეიცვალა, რამაც შედეგებზე პირდაპირპროპორციული ზეგავლენა მოახდინა და თანაქალაქელ „გალათასარაის“ 23 ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, მისთვის საჩემპიონო ბრძოლა დასრულებულია.
ამჟამად „ბეშიქთაშს“ ნორვეგიელი სპეციალისტი ოლე-გუნარ სოლსკიაერი ავარჯიშებს და მომდევნო სეზონში ახალი გუნდის აწყობას ის ახალ კადრებთან ერთად გეგმავს, რომელთა შორისაც ჟორჟიც მოიაზრება. სატრანფერო თანხის შესახებ კი, ჯერჯერობით კონკრეტული ინფორმაციები არ ვრცელდება.
იმ შემთხვევაში თუ მიქაუტაძის ტრანსფერი არ გამოვა, „ბეშიქთაში“ სათადარიგო ვარიანტად „მიდტიულანდის“ 20 წლის გვინეელ ფორვარდს ფრანკულინო ჯუს განიხილავს, რომელმაც 28 შეხვედრაში თავი 10 გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა. რაც შეეხება გიორგის, ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 32 მატჩში 10 ბურთი და 3 ასისტია.