მესი და ნეიმარი: რომლის დაბრუნებაა უფრო რეალური? რას ფიქრობს ფლიკი და ლა ლიგა?
2018 წლის ზაფხულს შემდეგ, ყოველი სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთხელ მაინც იწერება, რომ ნეიმარს „ბარსელონაში“ დაბრუნება სურს. ამჟამად ბრაზილიელი 33 წლის არის, ზედმეტი კილოგრამებიც აქვს და კარიერის სტარტზე გაცემული ავანსები მხოლოდ FIFA-ს თამაშის დროს თუ გაუმართლებია.
ამჟამად, ცნობილი ესპანური გამოცემა El Nacional-ი წერს, რომ ბრაზილიელი „ბლაუგრანაში“ დასაბრუნებლად ბოლოჯერ გაიბრძოლებს. ამჯერად მის მიმართ გარკვეული ინტერესი კატალონიურ კლუბსაც აქვს.
წყაროს ცნობით, ნეიმარის აგენტი პინი ზაჰავი, რომელიც „ბარსელონასთან“ კარგი ურთიერთობით არის ცნობილი, ჟოან ლაპორტასთან და დეკუსთან მოლაპარაკებებს უკვე მართავს. ფეხბურთელი მზადაა ხელფასი შეიმციროს და გუნდში მეორეხარისხოვან როლს დათანხმდეს, მაგრამ ფლიკი დარწმუნებული არ არის, რომ ვეტერანი ბრაზილიელი სჭირდება.
რაც შეეხება პრეზიდენტ ლაპორტას, ის ნეიმარის შესაძლო დაბრუნებას მიესალმება, რადგან ამაში დიდ ფინანსურ სარგებელს ხედავს. თავად ფეხბურთელს, 2026 წლის მუნდიალისთვის საუკეთესო ფორმაში ყოფნა სურს და სამხრეთ ამერიკაში დარჩენას ამიტომ არ განიხილავს.
ცნობილია ისიც, რომ „ბარსელონაში“ ბოლოჯერ თამაშს გეგმავს მესიც, რომელიც „ინტერ მაიამიში“ კიდევ 1 წლით დარჩება, შუა სეზონში კი „ბარსელონას“ მაისურის მორგებას შეეცდება. საუბარია 3 თვიან კონტრაქტზე, როგორც ეს დევიდ ბექჰემმა და ტიერი ანრიმ გააკეთეს. MLS-ში სეზონი ნოემბრის ბოლოს სრულდება და მარტში გრძელდება. სწორედ ამ შუალედზეა საუბარი. არგენტინელი განახლებულ „კამპ ნოუზე“ ითამაშებს და „ბარსას“ შესაბამისად დაემშვიდობება, შემდეგ კი უკან ამერიკაში დაბრუნდება.
მაგრამ - შეძლებს კი „ბლაუგრანა“ 2 ამ დონის ტრანსფერის დარეგისტრირებას? ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ნეიმარის ვერსია გაცილებით რეალისტური იქნება, რადგან საქმეში მისი აგენტიც არის ჩართული და მესის შესახებ ჯერ მხოლოდ ინსაიდერული ინფორმაცია არსებობს. საერთოდ სხვა აზრზეა ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი.
„დიახ, ვფიქრობ რომ მესის ბარსელონაში დაბრუნება მართლაც სურს. მჯერა რომ ის ბლაუგრანაში ფეხბურთელის ან სხვა ამპლუაში დაბრუნდება. ლეოს ეს კლუბი უყვარს. მესი და ბარსა - ეს ერთი ბრენდია.
რაც შეეხება ნეიმარს, ეს უკვე სხვა ამბავია. არ მგონია, რომ ის ოდესმე ბარსელონაში დაბრუნდეს. ამ საკითხში სრულად ვარ დარწმუნებული“.
- განაცხადა ტებასმა.