ბითაძის თანაგუნდელის ტრავმა - ორლანდოს კიდევ ერთი პრობლემა
2024 წლის ბოლოსა და 2025 წლის დასაწყისში „ორლანდოს“ წარმატებული სვლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გოგა ბითაძესთან ერთად, ჯეილენ საგსი გახლდათ, რომელიც თითქმის ყველა შეხვედრაში შედეგიანად ასპარეზობდა, მაგრამ ბოლო პერიოდში მას პარკეტზე იშვიათად ვხედავდით და ამის გამო მთავარ მწვრთნელ ჯამალ მოსლის რეგულარულად აკრიტიკებდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, მოთამაშის იგნორირებას ადგილი არ ჰქონია და ახლა ირკვევა, რომ საგსის დასვენება მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით იყო განპირობებული.
„მეჯიქის“ მცველმა 3 იანვარს „დეტროიტთან“ შეხვედრის დასრულება ვერ მოახერხა, რაც ზურგის სპაზმით იყო განპირობებული. სწორედ ამის გამო მას რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწია და როდესაც მისი დაბრუნება იგეგმებოდა, ერთ-ერთი მოსამზადებელი წვრთნის დროს, საშინელმა ტკივილებმა შეაწუხა, თუმცა ამჯერად უკვე მუხლის ტრავმამ იჩინა თავი და რამდენ ხანს გაგრძელდება მისი სარეაბილიტაციო პროცესი, ჯერჯერობით უცნობია.
როგორც უკვე მოგახსენეთ, სეზონის საწყის ეტაპზე საგსი „ორლანდოს“ ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა და საშუალოდ 16,2 ქულასა და 4 მოხსნას აგროვებდა. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას ორშაბათს გამთენიისას, საკუთარ დარბაზში „ტორონტო რეპტორზთან“ გამართავს.