ლეიკერსმა კლიპერსს მოუგო - დონჩიჩის მორიგი შედეგიანი მატჩი
როგორც მოსალოდნელი იყო, ლუკა დონჩიჩი ეტაპობრივად „ლეიკერსის“ წამყვანი კალათბურთელი ხდება და ლოს-ანჯელესის კლუბის წარმატებაში თითოეულ მატჩში გადამწყვეტ სიტყვას ამბობს. გამონაკლისი ამჯერადაც არ ყოფილა და თანაქალაქელი „კლიპერსის“ (106:102) 4-ქულიანი სხვაობით დამარცხებაში სლოვენიელმა უდიდესი როლი ითამაშა და ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი გახლდათ.
26 წლის სლოვენიელმა გამთამაშებელმა პარკეტზე 35 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში თავი 31 ქულას, 5 ასისტს, 3 ჩაჭრასა და 2 მოხსნას მოუყარა. მან ცხრიდან სამი სამქულიანი, ცამეტიდან ექვსი ორქულიანი და თერთმეტიდან ათი საჯარიმო გამოიყენა. რაც შეეხება ლებრონ ჯეიმსს, 40 წლის ლეგენდის ანგარიშზე ორმაგი დუბლია - 37 წუთი, 28 ქულა, 13 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრა.
37 მოგებითა და 21 წაგებით „ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, ხოლო „კლიპერსს“ 32 გამარჯვებასთან ერთად, 27 მარცხი აქცს და მეექვსე პოზიციას იკავებს.