გორდეზიანი ძირითადის წევრი მალე გახდება - სარაევოს მწვრთნელის კომენტარი
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი ვასილიოს გორდეზიანი „სარაევომ“ თბილისის „დინამოდან“ თებერვლის დასაწყისში დაიმატა. მას შემდეგ ბოსნიის დედაქალაქის კლუბმა ყველა ტურნირზე სამი მატჩი ჩაატარა, თუმცა ჯერჯერობით 23 წლის ქართველ ფორვარდს თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია. ხვალ, 2 მარტს, „სარაევო“ „შიროკი ბრიეგთან“ საშინაო მატჩში ძირითადი ფორვარდის კარლო ბუტიჩის გარეშე ითამაშებს, რის გამოც გაჩნდა ლოგიკური შეკითხვა, ხომ არ იქნება ეს გორდეზიანისთვის მოედანზე გასვლის შესაძლებლობა, რაზეც კლუბის მთავარ მწვრთნელს ზორან ზეკიჩს ასეთი პასუხი აქვს:
„არსებობენ მოთამაშეები, რომელთაც ახალ გუნდში ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდებათ. ბუნებრივია, ვასილიოსსაც გაუჭირდა თავდაპირველად „სარაევოს“ ტაქტიკური სქემისთვის ალღოს აღება, მაგრამ ვარჯიშებზე ვამჩნევ, რომ ნელ-ნელა უმატებს და დარწმუნებული ვარ, სულ მალე ძირითადი შემადგენლობის წევრიც გახდება“.
შეგახსენებთ, რომ გორდეზიანის სატრანსფერო უფლებები ჯერ კიდევ „დინამო თბილისს“ ეკუთვნის და ის ბოსნიის დედაქალაქის გუნდში მხოლოდ იჯარის წესით იმყოფება. „დინამოს“ რიგებში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფორვარდმა 23 მატჩში თავი 6 გოლით გამოიჩინა.