„რას აკეთებს ეს მელოტი ბიჭი იუნიორთა მსოფლიოზე?“ | ბერულავას პასუხი კრიტიკოსებს
უნგრეთში, ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მესამე დღეს, ყინულზე სპორტული წყვილები გავიდნენ და ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ მოკლე პროგრამა მოიგეს.
გამოსვლის შემდეგ, ბერულავამ კრიტიკოსებს უპასუხა და განაცხადა: „ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ორმაგი აქსელის გამო, ბევრს ვნერვიულობდი, რადგან ზეწოლას ვგრძნობდი, საერთო ჯამში კი, მინდოდა, ჩემი საქმე გამეკეთებინა. რა თქმა უნდა, ტიტულის დაცვა გვინდა, მაგრამ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე შევასრულოთ.
მინდა, რამდენიმე კომენტარის ავტორს გამოვეხმაურო, რომლებმაც ასეთი რაღაცები დაწერეს: „რას აკეთებს ეს მელოტი ბიჭი იუნიორთა მსოფლიოზე?“. მათ უბრალოდ მინდა ვუთხრა, რომ აქ ჩემზე ასაკოვანი მოციგურავეებიც გამოდიან და წესების მიხედვით, ამის უფლება გვაქვს“.
მოკლე პროგრამა მეტელკინამაც შეაფასა და აღნიშნა: „ორმაგ აქსელზე არ ვნერვიულობდი, რადგან ვიცოდი, რომ ნახტომის უმაღლეს დონეზე შესრულება შემეძლო. ჩემთვის სამმაგი სელხოვი იყო სიახლე, ლუკას კი ძველ პარტნიორთან ეს ნახტომი შესრულებული ჰქონდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად გამოვიდა. ჩვენთვის მთავარი გამოცდილების მიღებაა. ახალი წყვილი ვართ და გვინდა, ოლიმპიური სეზონის დაწყებამდე, მაქსიმალურად ბევრ ტურნირში მივიღოთ მონაწილეობა“.
ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილს იკავებენ. მათ მსაჯებისგან 69.18 ქულა მიიღეს. სპორტულ წყვილებში მედლების მფლობელები ხვალ გამოვლინდებიან. წესებს რაც შეეხება, წყვილთა შორის მოციგურავე მამაკაცები 23 წლამდე ასაკის უნდა იყვნენ, ბერულავა კი 22 წლისაა.