დიდ მატჩებამდე რამდენიმე დღით ადრე - ფაქტები მერვედფინალისტებზე
Aa
Aa

დიდ მატჩებამდე რამდენიმე დღით ადრე - ფაქტები მერვედფინალისტებზე

რამდენიმე დღეში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი დაიწყება, რომელსაც ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ინტერესით ელის, თუმცა რა თქმა უნდა, „პარი სენ ჟერმენი“ – „ლივერპულის“ გარდა, დანარჩენ შვიდ წყვილშიც უამრავი ინტრიგა დებს. UEFA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ტურნირის ამ ეტაპის მონაწილე თექვსმეტივე გუნდის შესახებ თითო საინტერესო ფაქტი გამოქვეყნდა და ყველა ძალიან საინტერესო გახლდათ.

არსენალი

მერვედფინალურ ეტაპზე უსიამოვნო სერია „არსენალმა“ შარშანდელ სეზონში „პორტუსთან“ 11-მეტრიანების სერიაში შეწყვიტა - იქამდე „მეთოფეები“ ამ ეტაპიდან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებას ზედიზედ 7-ჯერ გამოეთიშნენ.

ასტონ ვილა

მეორე ტურში „ასტონ ვილამ“ „ბაიერნი“ კოლუმბიელი ხონ დურანის ერთადერთი გოლით დაამარცხა და უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „რეკორდმაისტერის“ 41-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

ატლეტიკო

დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში „ატლეტიკოს“ საკუთარ სტადიონზე 17-მატჩიანი (11 მოგება, 6 ფრე) წაუგებელი სერია აქვს და ამ ჩვიდმეტ შეხვედრაში როხიბლანკომ მხოლოდ ხუთი ბურთი გაუშვა.

დორტმუნდი

„ბორუსიას“ გვინეელმა ფორვარდმა სერუ გირასიმ ჩემპიონთა ლიგაში თავის საწყის 13 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და ამ მხრივ მასზე უკეთესი შედეგი ისტორიაში მხოლოდ ერლინგ ჰოლანდს (18 გოლი) ჰქონდა.

ბარსელონა

ეს  არის 9-წლიანი პაუზის შემდეგ მეორე შემთხვევა, როდესაც „ბარსელონას“ ერთბაშად ორ ფეხბურთელს ჯგუფურ ეტაპზე საერთო ჯამში მინიმუმ 12 გოლი აქვს გატანილი - წელს ამის გაკეთება რაფინია-ლევანდოვსკის, 2015-ში კი მესი-სუარესის დუეტმა შეძლო.

ბაიერნი

ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურში „შახტარის“ დამარცხების შემდეგ „ბაიერნი“ გახდა „რეალის“ შემდეგ რიგით მეორე კლუბი ამ ტურნირის ისტორიაში, რომელმაც 300 თამაშის მოგება მოახერხა.

ბენფიკა

„ბენფიკა“ – „ბარსელონას“ (4:5) მატჩი პირველია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ისტორიაში, სადაც ასეთი ანგარიში დაფიქსირდა.

ბრიუგე

„ბრიუგეს“ 1977/1978 წლების ჩემპიონთა ლიგისა და 1975/1976 წლების უეფას თასის ფინალი აქვს ნათამაშები, თუმცა მას შემდეგ ამ სეზონამდე, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მხოლოდ ერთხელ, 2022-2023 წლებში იყო გასული, როდესაც მერვედფინალში გააღწია.

ფეიენოორდი

ჯგუფური ეტაპის მეშვიდე ტურში „ბაიერნის“ (3:0) წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში „ფეიენოორდის“ ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავია - ანალოგიური სხვაობით როტერდამელებმა მხოლოდ 1999 წელს მოიგეს, როდესაც „მარსელი“ დაამარცხეს.

ინტერი

„ინტერმა“ უეფას ჩემპიონთა ლიგაში საკუთარ კარში ბურთი ზედიზედ 5 მატჩში არ მიიღო, რაც ყველა დროის სარეკორდო მაჩვენებელია.

ლევერკუზენი

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „ლევერკუზენმა“ ოთხივე საშინაო მატჩი ისე მოიგო, რომ გოლი არ გაუშვია.

ლილი

„ლილის“ ფორვარდი ჯონათან დევიდი ჩემპიონთა ლიგაში ყველა დროის ყველაზე შედეგიანი კანადელი ფეხბურთელი გახდა და ტომაშ რაძინსკის მიღწევა გააუმჯობესა.

ლივერპული

„ლივერპულმა“ ჯგუფური ეტაპი წარმატებულად ზედიზედ მერვე სეზონში დაძლია.

პსჟ

პსჟ გახდა პირველი კლუბი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც 7:0 მატჩი ისე მოიგო, რომ შვიდივე გოლი სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა.

პსვ

ბოლო სამი სეზონია ევროტურნირებზე პსვ-სა და „არსენალის“ გზები იკვეთება.

რეალი

ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პლეი ოფში მხოლოდ ესპანეთში გამართულ ბოლო ხუთ შეხვედრაში კილიან მბაპემ 11 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საფრანგეთის თასის ნახევარფინალში პსჟ-ის მეტოქე ცნობილია
საფრანგეთის თასის ნახევარფინალში პსჟ-ის მეტოქე ცნობილია