ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო - იბერიამ თელავი დაამარცხა
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონი „იბერია 1999“-ისა და „თელავის“ მატჩით გაიხსნა. ჩემპიონმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო - ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა ვალერი გაგუას მომზადებული „თელავი“ 2:0 დაამარცხა.
უკვე მე-20 წუთზე სტუმრები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ - გიორგი ქობულაძის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის მთავარმა არბიტრმა, გოგა კიკაჩეიშვილმა მოედნიდან თელაველთა მცველი, ფირუზ გაბიტაშვილი გააძევა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორეს დასაწყისში კი მოქმედმა ჩემპიონმა ანგარიში გახსნა - დორასო კლასის პასის შემდეგ გიზი მამაგეიშვილმა „თელავის“ მეკარეს, ლევან თანდილაშვილს აუარა გვერდი და ცარიელ კარში გოლის გატანა არ გასჭირვებია.
75-ე წუთზე მასპინძლებმა უპირატესობა გაზარდეს - გოლი გიორგი ტაბატაძის, ხოლო ასისტი - ისევ დორასო კლასის ანგარიშზეა.
ხვალ პირველი ტურის პროგრამა „გაგრასა“ და „ტორპედოს“ მატჩით გაგრძელდება, 2 მარტს „დილა“ „გარეჯს“ უმასპინძლებს, კიდევ ორი მატჩი კი, დინამო ბათუმი - დინამო თბილისი და სამგურალი - კოლხეთი, მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო და 1 აპრილს ჩატარდება.